შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ადვოკატების მოთხოვნა სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ადვოკატების მოთხოვნა სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მცხეთის სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცესზე ადვოკატები ითხოვდნენ არასრულწლოვანი მოწმეებისთვის სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტას და სწორედ ამ შუამდგომლობით მიმართეს ადვოკატებმა სასამართლოს, თუმცა ამ შუამდგომლობაზე მოსამართლემ დაცვის მხარეს უარი უთხრა. პროცესი დასრულებულია, საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი  22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, გიორგი წყალში დახრჩობით, ასფიქსიით გარდაიცვალა. თუმცა, სიკვდილამდე ახლო პერიოდში, მას სხეულზე 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, როგორც სახის, ისე მუცლისა და ზურგის არეში. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ამ ტიპის დაზიანებებს ბიჭი ციცაბო ფერდობზე დაგორებით ვერ მიიღებდა. იმასაც ამბობს, რომ ამ ტიპის დაზიანებებს 19 წლის ფეხბურთელს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა. შაქარაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას მდევრები სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს.

ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვს პირს ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლი გამოძიებას მას შემდეგ დაემატა, რაც 10 ივლისს, სასამართლო-სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნდა. შაქარაშვილის საქმე უკვე 19 ტომს მოიცავს. ამ დრომდე საქმეში არ დევს არც ერთი მყარი მტკიცებულება, რაც გამოკვეთს „ტოიოტა კამრის“ მგზავრების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად