“შაქარაშვილის საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, ზოგჯერ მედია დანაშაულის რომანტიზებას ახდენს”-ინტერვიუ ირმა ჭკადუასთან

ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ისევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია, იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზამ დასკვნა დადო და გამოძიებაც გადაკვალიფიცირდა და უკვე არსებულ გამოძიებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ამ საქმის ირგვლივ „აიპრესთან“ ინტერვიუში ადვოკატი ირმა ჭკადუა საუბრობს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

_ ექსპერტიზის დასკვნამ ნაწილობრივ მაინც მოხსნა ეჭვები და კითხვები, რაც გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით იყო და რჩება თუ არა გადაუჭრელი საკითხები გამოძიების თვალსაზრისით?

_ დავიწყოთ იმით, გამოძიებას პრობლემა რომ აქვს, ეს არახალია. შორიდან დავიწყებ, ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს გამოძიება რეალურად არ სჭირდებოდათ. სახელი და გვარი ეწერა საქმეში, საქმეები მიდიოდა სასამართლოში და დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რა შეიცვალა მას შემდეგ? ეს პროკურორები და გამომძიებლები არსად არ წასულან და ისევ ეს ადამიანები მუშაობენ დღესაც. ამ ხელისუფლებამ იცოდა ეს პრობლემები, რაც გამოძიებას და ძალოვან სტრუქტიურებს ჰქონდა. ნაცვლად იმისა, რომ გამოძიების ეფექტიანობაზე ეფიქრა, გამომძიებლების სწვალაზე, რომ გაეგზავნათ უცხოეთში, ესწავლათ და კომპენტაცია აემაღლებინათ ექსპერტიზის თუ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ეს ამ ხელისუფლებამ არ გააკეთა. რეალურად გვყავს საგამოძიებო უწყება, სადაც სერიოზული პრობლემებია. ის, რომ რეალურად ეს საქმეც არ არის გამონაკლისი სხვა საქმეებისგან, ეს ფაქტია. პრობლემები, რაზეც საუბრობენ, მხოლოდ ამ საქმეში არ არის და პრაქტიკულად ყველა საქმეში პრობლემაა.

ერთი დიდი უბედურება გვჭირს და ამას ჰქვია სატელეფონო მოსმენები. ეს რომ არ არსებობდეს… საქმეების გახსნის ძირითადი მექანიზმი საქართველოში სწორედაც, რომ ფარული მიყურადებაა.

_ ამაზე კანონი მივიღეთ და ისევ გვისმენენ?

_ როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების ფარგლებში მიმართავენ სასამართლოს, ჩაირთვება ნებისმიერი ნომერი და გვისმენენ. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ სასამართლომ გასცეს ბრძანება ამა თუ იმ ნომრის მოსმენაზე. თითქოს სასამართლო ნებართვით „გაპრავებული“ მოსმენა ძალიან დიდი პრობლემაა. მოსმენა განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს და დიახ ამიტომაც არის, რომ გამოძიება მზამზარეულ ინფორმაციებს ღებულობენ. გამოძიებას ამ მიმართულებით განვითარება არ უწერია უახლოეს მომავალში.

ის, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ბევრი რამე დასაფიქრებელია და შესაცვლელია, ცახდია. გარდა ამისა არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და ესეც ვიცით. მე არ ვიცი საქმის მასალები, მხოლოდ გარედან მაქვს ინფორმაცია. მას ჰყავს ადვოკატები, რომლებიც თავად ირჩევენ სტრატეგიას, რა მიმართულებით წავიდნენ, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი ამბავი ხდება ამ საქმეში, როდესაც ყველა ბრალდებულის ჩვენება ქვეყნდება.

_ ეს რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც იურისტისთვის?

_ ვერ ამოვხსენი. იმიტომ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ჩვენება. ბრალდებულს, რომელსაც უფლება მიანიჭა კანონმდებელმა, რომ შეუძლია ეს, შესაბამისად მას დღეში ხუთჯერ შეუძლია შეცვალოს ჩვენება – დააზუსტოს, შეასწოროს, დაამატოს, გაამრავალფეროვნოს თავისი ჩვენება.

_ თუმცა, როცა იცვლება შინაარსი, ეს რაზე მიანიშნებს?

_ ცალსახად რაღაცების შეცვლა პრობლემა კი არ არის. პრობლემა სხვა რამეშია – როდესაც ჩვენები ხშირად იცვლება, ნდობის საკითხი იკარგება.

მე პრობლემას ვხედავ იქაც, რომ ამ ბრალდებულებების უფლებები ილახება და მათ თავი უნდა იმართლონ, რატომ შეცვალეს ჩვენება. შეიძლება დამატებითი კითხვები გაჩნდეს ხოლმე დაკითხული პირის მიმართ. შეიძლება გამომძიებელმა სხვანაირი ფორმულირებით დასვას კითხვა და შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გაჩნდეს საფუძველი, რომ თავიდან დაიკითხოს ეს ადამიანი.

_ გამოქვეყნებული ჩვენებები გამოძიებას ხელს ხომ არ უშლის?

_ მე ადვოკატი ვარ და სუბიექტური ვიქნები. ვიტყვი იმას, რომ პირველ რიგში ხელს უშლის თვითონ ბრალდებულების ინტერესების დაცვას. პირველი პრობლემა ეს არის ბრალდებულის ინტერესები, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოძიება შეცდომებს რომ უშვებს ჩვენ ადვოკატებს გვიახარია ხოლმე, რადგან ხშირად ამით ვამართლებთ ხოლმე ადამიანებს. მაგრამ, გაუგონარი ამბავი ხდება, რომ დღეს აღმოაჩინეს ახალი ამერიკა და დღეს დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეში განხორციელებული რაღაცა დარღვევები. ეს არის სისტემური პრობლემა და არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ უამრავ საქმეში.

_ არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ ზოგადად გამოძიებებთან დაკავშირებით რაც ხდება, ხომ არის ე.წ. ქუჩის ჩართულობა და ის, რომ მოწმეს არ აქვს დაცვის გარანტია? მე რომ რაღაცა ვიცი, დამიცავს თუ არა სამართალდამცავი სისტემა იმისათვის, რომ რაღაცა არ დამემართოს?

_ იცით რა? საერთოდ ხორავას საქმემ ბევრი რაღაცა გვასწავლა და საგამოძიებო საქმე გააშიშვლა. არასრულწლოვნები სადაც ფიგურირებენ, მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა, რომ ის განსაკუთრებით რთულია – სათუთია, განსაკუთრებული მიდგომას საჭიროებს. რაც არ უნდა ვთქვათ, რაც მოხდა, უდიდესი სტრესიც არის. როგორ შემიძლია ვთქვა, რომ მე უფრო მეტად შემტკივა გული, ვიდრე შაქარაშვილის ოჯახს. მე სამი ბიჭი მყავს და სულით ხორცამდე შეძრული ვარ. ფაქტის შემდეგ შემძრა მიტოვებულმა ახალგაზრდამ და მარტოობაში მყოფი შაქარაშვილის ბოლო წუთები როგორი იყო, ამაზე როდესაც ვფიქრობ, ეს არის უმძიმესი. მაგრამ, ადამიანი ხომ ყველაზე დიდი ცხოველია და ის რაც შეუძლია ადამიანს გააკეთოს, არცერთ ცხოველს არ შეუძლია გააკეთოს. იმდენი ფიქრები გავახმოვანეთ ამ საქმეზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებას არ გვაქვს უფლება, რომ რამეზე ვილაპარაკოთ, ისეთი სასტიკები ვართ და დაუნდობლები. არ ვითვალისწინებთ უწმინდესის სიტყვებს, რომ ბავშვები გაზარდეთ სიყვარულში და ღმერთი შეუშვით სკოლაშიო. ამის ნაცვლად მოდად იქცა ის, ვინც უფრო მეტად შეაგინებს ეკლესიას, უწმინდესს და უფალს. არაფერს ვაკეთებთ პრევენციისთვის, რომ არ მოხდეს ასეთი ძალადობები. რამდენი წელია ადვოკატები ვითხოვთ, რომ სკოლებში ბავშვებს ველაპარაკოთ, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა ე. წ. ჩაშვება არ არის. საზოგადოების გაზრდილ წევრებსაც არ გვაქვს სამართლებრივი კულტურა. ამ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობა რაღაცას მალავს. მოტყუებას ცდილობს და იმას, რომ სიმართლე არ თქვას. ამას სჭირდება ანალიზი.

_ ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რაც ვიკითხე, რომ არ აქვთ დაცულობის განცდა მოწმეებს?

_ რა უნდა მოვთხოვოთ მათ, როდესაც ქვეყნის სავიზიტო ბარათად „ფეიქ ნიუსები“ იქცა. იტყუება ყველა, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, მედიასაშუალებებიდან დამთავრებული. ეს იქცა ნორმად. ჩვენს საზოგადოებაში ტყუილი სირცხვილად აღარ ითვლება. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რა მძიმე გარემოში უწევთ ცხოვრება ჩვენს შვილებს.

რა თქმა უნდა მოწმის დაცულობის განცდაც მნიშვნელოვანია. მოწმეობა რთულია ზრდასრულისთვისაც, მაშინ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის მისული იმ აზრამდე, რომ ვთქვათ რაც დავინახეთ. პოსტსაბჭოთა მენტალობა კავშირშია ამასთან. ეს ერთ და ორ წელში არ წყდება. იყო საშინელი უკიდურესობა წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, როდესაც ციხეში წასვლა საკონცენტრაციო ბანაკში წასვლას ნიშნავდა, კიდევ უარესი – აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ა. შ. აქედან გადავედით ლიბერალურ მიდგომებზე და ბუნებრივია ბავშვებს ვერავინ ვერ აწამებს და ამით ვერავინ ვერავინ ათქმევინებს.

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო გია გვიჩიანის საქმე, სადაც ტელედაპატიმრება იყო და ტელეჩვენებები, სადაც ამბობდნენ, რომ გვიჩიანი მკვლელობის შემკვეთი იყო. მოგვიანებით ამ ადამიანებმა თქვეს, რომ აწამეს და ათქმევინეს. ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ამ უბედურებიდან ადამიანებს გადაწყობა ვთხოვოთ მეორე უკიდურესობაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება დაწყობილი იყოს და ჩვენებებს აძლევდეს, აქამდე მისული ჯერ არ ვართ. ამ პერიოდში სამწუხაროდ ჩვენი შვილები და ბევრი ოჯახები უბედურდება.

პრობლემა ჩვენშია ყველაში და სახელმწიფოშია. პრობლემა იმაშია, რომ ვიღაცა რაღაცას დაგაბრალებს… ვისმენდით, რომ ჩვენ ამას კი არ ვამტკიცებთ, არამედ სახელმწიფოა ვალდებული ეს დაამტკოცოსო… ეს რა უბედურებაა. ბავშვებზე ამბობენ, რომ აგენტები არიან და შეიძლება ვინმეს ფსიქიკამ ვერ გაუძლოს ამას და თავი მოიკლას. ეს ძალიან რთული პროცესია. რა თქმა უნდა შაქარაშვილების ოჯახს ენით აღუწერელი უბედურება დაატყდათ თავს, რამაც ყველა უნდა დაგვაფიქროს, ყველამ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, რომ ბევრი სხვა შაქარაშვილები არ მოხვდნენ. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ბევრგან ხდება. ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, მაგრამ დადგება დრო, როცა ბრალდებულები დაიწყებენ ლაპარაკს. მე თუ არ მომიკლავს და არ ვიძალადე, რატომ უნდა დავისაჯო?! ამიტომ მგონია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი ალაპარაკდებიან.

ასევე ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 112-ის ზარი დადგმულია. იმდენად არ მესმის ეს… თუ ეს ხდება ჩვენ ქვეყანაში, მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი.

_ რომც არ იყოს დადგმული, სახეზე ხომ გვაქვს 112-ის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ვერ იმოქმედა დროულად?

_ რა თქმა უნდა. მე პოლიციის და 112-ის ადვოკატობის არანაირი სურვილი არ მაქვს ან ვინმეს მოეჩვენოს რომ ვარ, მაგრამ ის ჩანაწერი, რომელიც შემოგვთავაზეს, ოპერატორი რამდენჯერმე ეკითხება, რომ ხომ არ ფიგურირებს იარაღი… არის კითხვები, რაც რთულ სიტუაციაში ადამიანებს გვაღიზიანებს და გვგონია, რომ ზედმეტია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა და მიკივლია. მაგალითად, მეზობლის ბავშვი ლიფტში გაიჭედა და იმდენი კითხვები დამისვეს, რომ გადავირიე. მაგრამ მას აქვს თავისი სპეციფიკა.

17 ბრალდებულია და ყველას ჰყავს ადვოკატები. თუკი ეს ტყუილი და დადგმულია, როგორც ამას გვეუბნებიან, მათ აქვთ უფლება დაადგინონ. ადვოკატები წავიდნენ 112-ში, დაადგინონ ვინ იყო ის ადამიანი და დაადგინონ. ამბობენ, რომ ოპერატორები მამაკაცები არ არიან, მაგრამ ეს ხომ საჯარო ინფორმაციაა და გამოკითხონ, ნამდვილად იყო თუ არა. თული ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, რომ დაიდგას, ასეთი ზარები, რაზეც ახლა ლაპარაკობენ, მაშინ ჩვენ ქვეყანას მომავალი არ უწერია.

_ ფაქტია, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რატომ არ სცემს შესაბამისი ორგანოები ამ კითხვებს პასუხებს?

_ ძალიან ბევრი. მეც მაქვს ძალიან ბევრი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ მე არ ვარ საქმეში ჩახედული ადვოკატი და შესაძლოა მეჩვენება, რომ პასუხგაუცემელი კითხვებია, მაგრამ ადვოკატები არიან ჩართული საქმეში და შესაძლოა ეს იყოს მათი დღის წესრიგი, რომ ეს ბუნდოვანება გააჩინონ. ესეც დაცვის სტრატეგიის ნაწილია ვიღაცისთვის. შეიძლება რეალურად არ არის საქმეში ეს კითხვები. ყველაზე მეტად მე ჩანთასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, როდესაც ვხედავ, რომ ჩანთა დევს. სანამ ტელევიზიით გვაჩვენებდნენ შემთხვევის ადგილს, მეგონა, რომ შეიძლებოდა ჩარბენის დროს ფეხი დაუცდა და გადავარდა წყალში, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ფეხის დაცურებით წყალში ვერ მოხვდები. ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ ამაზე პასუხები უნდა გასცენ ადვოკატებმა და გამოძიებამ. გამოძიებას აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გარდა იმისა, რომ დანაშაული გახსნას, სახელმწიფომ არ დაუშვას უდანაშაულო პირის დასჯა.

როდესაც 17 პირია დაკავებული და საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს, მათი როლები ბუნებრივია გამოკვეთილი უნდა იყოს ინდივიდუალურად, თუ ვის რა როლი ჰქონდა. ნათქვამია, რომ სჯობია 100 დამნაშავე დადიოდეს თავისუფალი, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში. ამიტომ, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება აქვს, ერთი მხრივ დასაჯოს დამნაშავეები და მეორე მხრივ არ დაუშვას უდანაშაულო პირის ბრალდება. ბოლო ინსტანციაა ევროსასამართლო, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ რომელიმე პირის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა ის მკვლელია თუ არ არის მკვლელი, თუ მისი უფლება დაირღვა, მას აქვს უფლება იჩივლოს და სახელმწიფომ ამაზე პასუხი უნდა აგოს.

გამოძიება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე და თუ არ გააკეთა გამოძიებამ რაიმე, გააკეთონ ადვოკატებმა. თუ კითხვის ნიშნები აქვთ, მიმართონ სასამართლოს. რასაც ვერ აღადგენ, თუ გაუშვი ხელიდან თავის დროზე, ეს არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება. კრიმინალისტიკაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. შემთხვევის ადგილი ეს არის მთავარი. ის უნდა იყოს დაცული და თითოეული წერტილი და მძიმე უნდა იყოს აღდგენილი.

_ პირველივე დღეებშივე დაცული რომ არ იყო შემთხვევის ადგილი, ეს კითხვებს არ გიჩენთ?

_ რა თქმა უნდა აჩენს ესეც არა მხოლოდ ეს, ამ საქმეში ბევრი რაღაცა აჩენს კითხვებს, მაგრამ ამიტომ ვსაუბრობ, რომ მე და თქვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს. მედია გვაწვდის მას იმ დოზით, რა დოზითაც მას უნდა და რაც მისი დღის წესრიგია. ვიმეორებ, ბევრი ადვოკატისთვის დაცვის სტრატეგია შეიძლება იყოს ის, რომ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინოს საზოგადოებაში.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეში არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. რაც აუცილებლად პასუხებს მოითხოვს. სახელმწიფოს უმძიმესი პასუხისმგებლობა აქვს. რა თქმა უნდა ოჯახია მთავარი, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი ვართ ჭირისუფლები და გვაქვს შიშები, რომ ჩვენი შვილები ასე არ გაიმეტონ. აქედან გამომდინარე საზოგადოება ამიტომ ვართ ასე მომართულები და საზოგადოებრივი ინტერესები ამიტომ არის ასეთი მაღალი, მაგრამ ხანდახან მედიის საშუალებით ხდება დანაშაულის რომანტიზება. არსად არ წერია, რომ რაღაც რეპორტაჟი არასრულწლოვანმა არ უნდა მოისმინოს და ა. შ. ამიტომ, ზოგჯერ მათში სურვილებს აღძრავს ხოლმე ამ მიმართულებით. ამაზე არავინ არ ფიქრობ, ვიღაცისთვის კარგ ტონალობად ითვლება ე. წ. არჩაშვება. ეს იმხელა პრობლემები გაქვს, რომ საზოგადოება ასე მალე ვერ გაიზრდება. მასმედიას თავის დღის წესრიგი აქვს, მე ჩემი, თქვენ თქვენი, მაგრამ ოჯახსაც ხომ აქვს ჭირისუფლობის მოთხოვნის უფლება?!

გირგვლიანის საქმესთან ადარებენ და იქ არ იყო ამდენი მოწმე, იქ ერთადერთი ანძები არსებობდა და ამით გაიხსნა ეს საქმე. 17 ადამიანია ამ საქმეში დაკავებული და შეიძლება 37 გახდეს, არავინ არ იცის, ან შემცირდეს და ბრალდებები გადანაწილდეს სხვადასხვა მიმართულებებით. თუ ამბობენ, რომ სახელმწიფო ხელს აფარებს ვინმეს, მაშინ გვითხრან ვის აფარებს ხელს, ვინ ჩაიდინა ეს თუ არა იმ ადამიანებმა, ვინც იქ იყვნენ. ჩემთვის გაუგებარი რამე ხდება. მე თვითონ დავიბენი. შემოიყვანეს ახალი პერსონაჟები, ბერა ივანიშვილთან აკავშირებენ.

ვინმეს სჯერა, რომ ბერა ღამის 2 საათზე პატრულს ურეკავდა და საქმეებს ფარცხავდა. ვინმეს სჯერა, რომ თეა წულუკიანი ნაძალადევში რომ კენჭს იყრიდა 2012 წელს, კრიმინალები იდგნენ მასთან?! მაშინ მთელი საქართველო ვიდექით წულუკიანის და მთლიანად „ქართული ოცნების“ გვერდზე. მე რომ მას მხარს ვუჭერდი, კრიმინალი ვარ? ვერ ვხვდები რას ნიშნავს შემოთავაზებული ვერსიები, რომელსაც კითხვის ნიშნებს ისევ თვითონ უსმევენ და ამბობენ, რომ ჩვენ ამას კი არ ვამტკიცებთ, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოსო. ტალახი ხომ ისროლე და ამ დროს უნდა ჩადგნენ თავის მართლების სიტუაციაში?! ამ დროს ყველა ერთად ვაიძულებთ ოჯახს, რომ ითმინონ ჩვენი კინკლაობა და სურვილი, როგორ ვაქციოთ ამ ერთი ოჯახის უბედურება პოლიტიკური ვაჭრობის საგნად, რაც არასწორია. ეს საქმე თითოეული ჩვენგანის ტრაგედია გახდა, როგორც საკუთარ შვილი ისე განვიცდი და ისე მტკივა სული და ხორცი, ასეა ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა.

ჩვენ 2012 წლამდე ტერორის ქვეშ ვიყავით და მაშინ არ ვჩუმდებოდით და პრაქტიკულად ტყვიის ქვეშ ვდგებოდით. შვილებს გვიჭერდნენ და გვიკლავდნენ, მაგრამ მაინც ვლაპარაკობდით. დღეს, როდესაც ყველას ყველაფრის ლაპარაკი შეუძლია, ვინ მისცემს ხელისუფლებას უფლებას, რომ რამე ვაპატიოთ?!

ჩვენ 2012 წელს ვსაუბრობდით, რომ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ, უნდა დაისაჯონ, მათ შორის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც არ დასჯილან. ეს ადამიანები გვემუქრებიან, რომ თურმე უმკაცრესად დაისჯებიან პოლიციელები, მოსამართლეები და ა. შ.

შეძრული ვარ ამ ტრაგედიით და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. რა თქმა უნდა დაისაჯონ ადამიანები ვინც ეს დაიჯონ და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ეს დანაშაული მიზანმიმართულად მოხდა თუ არა. ლომის წილი არის იმ ადამიანებზე, ვინც იქ იყვნენ და ჩემი თხოვნაა, რომ ვინც იქ იყვნენ თქვან ის რაც იციან. თქვან თუ ვინმეს ხელს აფარებენ, ან რამე მტკიცებულება აქვთ. უნდა ვიცოდე, როგორი ხელისუფალი მყავს, რომელიც ხელს აფარებს დამნაშავეს თუ პირიქით ისეთი ხელისუფალი მყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩაატაროს. ვისაც რა ინფორმაცია გაქვთ თქვით, ამისთვის არ არის ტელეკეკლუცობები საჭირო, ამისთვის არსებობს საგამოძიებო ორგანოები, მიდით ითანამშრომლეთ და თქვით.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად