“შაქარაშვილის ქარტია” – ანა დოლიძის ინიციატივა სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს „შაქარაშვილის ქარტია“ გამოაქვეყნა და სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს მიმართა, დაინერგოს ქარტიის წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული – ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობა და მეორე მხრივ, მოხდეს მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

„ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები მხილებულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში. შაქარაშვილის საქმეშიც შესაძლოა დადგინდეს სპორტსმენების მხრიდან ძალადობის გამოყენების ფაქტები. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მოახლოებულ საარჩევნო პერიოდში სპორტსმენების აქტიური გამოყენება კონკრეტული პარტიული ინტერესების ძალისმიერად გადაწყვეტის პროცესში, ამიტომ მოვუწოდებ სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს დაინერგოს პრინციპები, რომელიც გამორიცხავს ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობას და მეორე მხრივ, მოხდება მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.
იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ შაქარაშვილის საქმიდან, ჩვენ, „მოძრაობა ხალხისთვის“ შევიმუშავეთ სისტემური მიდგომა, რათა არ მოხდეს სპორტსმენების ძალადობაში ჩართვის წახალისება. მოვუწოდებთ სპორტის ფედერაციებს და სახელმწიფოს, დანერგოს „შაქარაშვილის ქარტია“, რომელიც დაფუძნებულია სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით,” – განაცხადა მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. .

„შაქარაშვილის ქარტიის“ პრინციპები:
1. ადამიანის ღირსების დაცვა სპორტსმენისთვის უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური მოთხოვნა.
2. სპორტსმენი ვალდებულია დაიცვას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს.
3. დაიცვას ლოიალობის, ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები ყველა ურთიერთობაში.
4. სპორტსმენი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – რასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური შეხედულებები, ოჯახური მდგომარეობა ან ნებისმიერი სხვა მიზეზი.
5. შეუწყნარებელი უნდა იყოს სპორტსმენის ჩართვა დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ფაქტებში.
6. სპორტსმენები უნდა ახდენდნენ სრულ გამიჯვნას და ნეიტრალიტეტს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან ძალის ინტერესებისგან, როდესაც საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან.
7. სპორტსმენი არ უნდა იყენებდეს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის იდეოლოგიის გატარებაში.
8. სპორტის ფედერაციები და კავშირები ვალდებულნი არია დაიცვან და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, აიღონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა სპორტსმენთა თვითშეგნების და ქცევის წესების ამაღლებაში.
9. შაქარაშვილის ქარტიის წესების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სპეციალური კომისიას, რომელიც იღებს ვალდებულებას როგორც ნეიტრალური არბიტრი შეაფასოს და აღასრულოს ქარტიაში გაწერილი წესები.
10. საქართველოს კანონი სპორტის შესახებ (მუხლი 23) სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. – იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი სპორტული ფედერაციის ან კავშირის სპორტსმენის მხრიდან ადგილი ექნება „შაქარაშვილის ქარტიის წესების“ დარღვევას, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთლიანად ფედერაციას ან კავშირს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და მათ დაუწესოს საბიუჯეტო სანქცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად