შაქარაშვილის ბიძა: არსებობს ისეთი ქვევერსიები, რომელზედაც ღიად არ ვსაუბრობთ, ველოდებით გარკვეულ მონაცემებს

“ასეთი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს და უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ დაუსჯელი არავინ რჩება.”- ამის შესახებ, გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ “დღის კურიერში” განაცხადა.

“რაც შეეხება გამოძიების და ჩვენს ურთიერთობას, გარდა იმისა, რაც ერთი შეხედვით ჩანს საზოგადოებისთვის, რომ სახეზეა ვთქვათ 17 დაკავებული პირი, ამის გარდა უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება, უამრავი ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს. ამავდროულად, ჩვენც მოვიპოვებთ მასალებს და ვცვლით გამოძიებასთან, ასე რომ ერთი წამით არ შეფერხებულა რეჟიმი, მივიწევთ წინ რაც შეგვიძლია და იმედი მაქვს, მივუახლოვდებით იმ ამოცანის ამოხსნას, რომელიც ყველას ასე ძალიან გვაწვალებს არა მხოლოდ ოჯახს, არამედ ფართო საზოგადოებას, რომელსაც მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის.

ბუნებრივია, ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, ზოგადი საზოგადოებრივი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არა მარტო იმიტომ, რომ ვთქვათ ჩვენ გამწარებულები ვართ და სულერთია ჩვენთვის ვინ დაისჯება, არამედ იმის გამო, რომ ასეთი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს და უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ დაუსჯელი არავინ რჩება.

რაც შეეხება იმას, კონკრეტული პირები რა მოქმედებაში იმხილებიან, რამდენად არის ამათი დანაშაული დადასტურებული, მაპატიეთ, მაგრამ ამის განხილვაში მე არ შევალ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და შემდგომში გაირკვევა სასამართლო პროცედურებით”. – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

მისი განცხადებით, არსებობს ვერსიები, რომლებზედაც ოჯახი ჯერჯერობით ღიად ვერ საუბრობს, რადგან ოჯახი გარკვეულ მონაცემებს ელოდება, რათა მტკიცებულებები მყარი იყოს.

” არსებობს ისეთი ქვევერსიები, რომელზედაც ღიად არ ვსაუბრობთ, ველოდებით გარკვეულ მონაცემებს. მტკიცებულებითი მომენტი გვინდა რომ ძალიან მყარი იყოს და შეჯერდეს”

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ამასთან, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები და განცხადება გაავრცელა

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად