შამანს, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა, 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

კონსპიროლოგ შამანს, ჯეიკობ ჩენსლის, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა, 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სახელმწიფო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალი მან ჯერ კიდევ სექტემბერში აღიარა.

სასამართლოზე ჩენსლიმ განაცხადა, რომ ის კარგი პიროვნებაა, რომელმაც კანონი დაარღვია. მან მოსამართლეს მოუწოდა, განაჩენის გამოტანისას „ხე მისი ფესვების მიხედვით განსაჯოს“.

მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ ის, რაც ჩენსლიმ ჩაიდინა, საშინელებაა.

“ეს იმდენად სერიოზული საქციელია, რომ სასჯელის შემცირების რეკომენდაციას ვერ გავამართლებ“, – აღნიშნა მოსამართლემ, როის ლამბერტმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში ყოფნისას კონსპიროლოგ შამანს შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

კომენტარები
იტვირთება...