შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სიაშია, შესაძლოა ახალი პროკურორის არჩევნები ჩატარდეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება, რომელიც ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატს შორის არიან შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ქვეყნის მთავარი პროკურორი მოხვდება, გენერალური პროკურორი თავიდან აირჩევა.

როგორც “აიპრესთან” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, ქვეყნის პირველი პირველი პროკურორის შესახებ მას ადრეც ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურდა.

“რაც შეეხება საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, მასზე ინფორმაციები ადრეც მქონდა, რომ მას სურდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გამხდარიყო.  ამის შესახებ ზოგადად იურიდიულ წრეებში და სასამართლოში მსმენია, თუმცა არ ვიცი, საბოლოოდ ის რამდენად გავა შემდეგ ეტაპზე და თანამდებობაზე დაინიშნება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ სიაში მრავალფეროვნება ძალიან კარგია, თუმცა მთავარია, რომ კანდიდატი აპოლიტიკური იყოს.

“აიპრესის” კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ შალვა თადუმაძე შემდეგ ეტაპს გადალახავს და მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩევენ, უნდა აირჩიონ თუ არა ახალი გენერალური პროკურორი, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა:

“თავისთავად ასე იქნება და ეს უკვე მთავარი პროკურატურის საქმეა”.

კითხვაზე, “ფიქრობთ, რომ შალვა თადუმაძე შემდეგ ეტაპს გადალახავს?”, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს:

“არაფერს გამოვრიცხავ, იმის გათვალისწინებით, რომ ხარ იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოვლენების ეპიცენტრში. გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი აუცილებლად გადალახავენ ბოლო ეტაპს და პარლამენტამდე მივლენ, რადგან ისინი ისე არ შემოიტანდნენ განაცხადს.

ამ სიაში ჩემთვის იკითხება ის გვარები, რომლებსაც აქვთ იმედი, რომ ბოლო ეტაპზე გავლენ და არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც განაცხადი იმიტომ შემოიტანეს, რომ აჩვენონ ასე ვთქვათ კლასი – როგორი უნდა იყოს მოსამართლე. ამდენი ომისა და ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ, რომ ამ სიაში კლანის ერთი წევრია მხოლოდ, მიქაუტაძე და არ არის ჩინჩალაძე. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს კეთილსინდისიერი, კარგი და პროფესინალი მოსამართლეებით”.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება, რომელიც ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. განცხადების მიხედვით, 144 კანდიდატია, მათ შორის არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...