შალვა შავგულიძე: შაქარაშვილის საქმეზე პოლიციისგან სამსახურებრივი გულგრილობის აშკარა ნიშნები იკვეთება

იქვე [მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ] თუ მოხდებოდა რაღაც მოქმედებები, ამავე დროს კრიმინალური პოლიციაც იქ თუ მივიდოდა და იმ დროს თუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გიორგი შაქარაშვილი, შესაძლებელი იყო მისი სიცოცხლის შენარჩუნება, – ამის შესახებ ადვოკატი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს მცირე მონაკვეთს.

შალვა შავგულიძე: ჩვენ მოვისმინეთ ფოტოგრაფის განხორციელებული ზარი საპატრულო პოლიციაში. ამბობს, რომ დაახლოებით 10 ადამიანი თავს დაგვესხა ხელკეტებით, სასწრაფოდ მოდით და გვიშველეთო. ფაქტიურად, დანასაულის შესახებ შეტყობინებაა და ითხოვს შველას. როდესაც მიდის პატრული და როგორც მედიიდან ვიცით, კმაყოფილდება იმით, რომ ეს ადამიანი ეუბნება გაიარა კონფლიქტმა და ახლა წამიყვანეთ სახლშიო და მოყავთ სახლში, თითქოს ტაქსი იყო გამოძახებული, ეს დაუშვებელი მოქმედებაა.

_ ამ ზარშიც იგრძნობოდა იმედგაცრუება ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მხრიდან იმის გამო, რომ პოლიციამ დაიგვიანა. ეუბნება აღარაფერი ხდება და ახლა მარტო მე უნდა დამიჭიროთო. ეს პასაჟიც ჩანს…

_ საერთოდ ეჭვი იმაზეც ჩნდება, რომ ეს ზარი ხომ არ არის განხორციელებული იმის შემდეგ, რაც უკვე მივიდა პატრული და მერე მოხდა ზარის დაფიქსირება, რომ საფუძველი ყოფილიყო იმისათვის, რომ პატრულს სათანადოდ არ ემოქმედა და მარტო ეს ადამიანი წამოეყვანა სახლში.

მაგრამ ეჭვზე და ვარაუდებზე რომ არ ვილაპარაკოთ, თავისთავად, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ ავტობანზე გადმოგვიხტა ხელკეტებით 10 ადამიანი და სხვებს სცემენ, მე ვიმალები და გვიშველეო, აქ პირდაპირ შეტყობინებაა დანაშაულის შესახებ. ჯერ ერთი იქ კრიმინალური პოლიციაც უნდა მისულიყო ასეთ შეტყობინებაზე და მარტო ორი კინკილა პატრული არ უნდა წასულიყო. რას გააწყობდა ათობით ხელკეტებით შეიარაღებული პირის მიმართ, იქ რომ დახვედროდნენ. მაგაშია საქმე.

როდესაც უთხრა ბრეგვაძემ, რომ აღარაფერი აღარ ხდება და მე წამიყვანეო, იქ ეს ადამიანი კრიტიკულად უნდა გამოეკითხათ, რატომ იყო ასეთი შეტყობინება, ვინ იყო, რატომ იყვნენ და ა. შ. იქვე თუ მოხდებოდა რაღაც მოქმედებები, კრიმინალური პოლიციაც იქ მივიდოდა და იმ დროს თუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გიორგი შაქარაშვილი, შესაძლებელი იყო მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

ჩანაწერში ჩანს, რომ ბრეგვაძე ამბობს, მოვიდნენ გვცემენ ხელკეტებითო და ახსნა-განმარტებაში სულ სხვა რამე წერია, რაც რა თქმა უნდა არასარწმუნოა. ანუ პირველივე რეაგირება არ მოხდა სათანადოდ. პატრულმა არ შეასრულა ის, რაც პოლიციელს ევალებოდა. აქ აშკარად იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად