შალვა პაპუაშვილი: რუსეთი, გავრილოვი… ყელში ამოუყვანეს ჩვენ საზოგადოებას ეს ფსევდოპატრიოტიზმი

“მათ უნდათ შეთანხმება ტყუილზე და ჩვენ ვთავაზობთ შეთანხმებას სიმართლეზე და სიმართლე არის 31 ოქტომბერთან დაკავშირებით ის, რასაც ვამბობთ. თუ არადა საწინააღმდეგო რამე მაინც წარმოადგინონ, ერთი ფაქტი მაინც. სამწუხაროდ, ხმა მღაღადებლისა არ ესმით ჩვენ ოპონენტებს.”

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერში” განაცხადა და აღნიშნა, რომ როდესაც ოპოზიცია დიალოგის მთავარ საკითხად ახალ არჩევნებს აყენებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ ტყუილზე შეთანხმებას, თითქოს არჩევნების შედეგებზე არაა ასახული მოსახლეობის ნება.

შეკითხვაზე, რა დათმობებისთვის არის მზად “ქართული ოცნება” მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ, როდესაც ენმ მათ წარმომადგენლად მოლაპარაკებებზე ნიკა მელიას ითხოვს, რომელიც ამ დროისთვის, წინასწარ პატიმრობაშია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

“ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ ერთის მხრივ, კანონი დაარღვიონ, შემდეგ ამ კანონდარღვევას რეაქცია არ მოჰყვეს, შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად შეფუთონ, მიაშენონ რაღაცები, წარმოაჩინონ უსამართლობად ის, რაცაა სამართალი და სამართლად ის, რაცაა უსამართლობა, შემდეგ კი მოთხოვნები დააყენონ. შეთანხმება თუ არ უნდათ იმ სიმართლეზე, მაშინ მეორე სიმართლეს შევთავაზებთ, ვთანხმდებით თუ არა, რომ ესკალაცია ხელს აძლევს რუსეთს? მათ შორის, თქვენი სტუმრები საუბრობდნენ რუსეთი, გავრილოვი და ყელში ამოუყვანეს ჩვენ საზოგადოებას ეს ფსევდოპატრიოტიზმი და მოჩვენება იმისა, რომ თითქოს ისინი არიან პატრიოტები და ჩვენ კაბელით ვართ დაკავშირებული რუსეთთან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. მაინტერესებს, მართლა თუ სჯერათ, რომ პუტინზე მიბმულია აქ ვინმე და თუ არ სჯერათ, ამ ტყუილს როგორ აკადრებენ საზოგადოებას, თუ მართლა სჯერათ, მაშინ გამოფხიზლდნენ იმ სიზმრიდან, რომ ჰგონიათ მილიონი ამომრჩევლის მიერ ამორჩეული ხელისუფლება არის რუსეთის არჩეული,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ 31 ოქტომბერს ვერ მიიღო ხელისუფლებაში მოსასვლელად საკმარისი მანდატი და შეეგუონ ოპოზიციის როლს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად