შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: გარკვეული კითხვებიც არის, რამდენად გულწრფელი არიან ისინი და სურთ თუ არა კითხვებზე პასუხების მიღება

“საპარლამენტო ფორმატის ინსტრუმენტი უპირველეს ყოვლისა არის ოპოზიციისთვის და გასაკვირია, რომ სწორედ სხდომა ჩაშალეს. ეს მათი დღე უნდა ყოფილიყო და შს მინისტრისთვის მათ უნდა დაესვათ ძირითადი კითხვები.”

ასე უპასუხა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებამ, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის პასუხები მოისმინოს, რადგან პარლამენტის დეპუტატებმა ამ შეკითხვების დასმა ვერ მოახერხეს.

„საპარლამენტო ფორმატი პრინციპში, ეს არის ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის, რადგან უმრავლესობას, რა თქმა უნდა, შეიძლება, უფრო მარტივი და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს მთავრობასთან, მათ შორის, ცალკეულ მინისტრებთან და უფრო ადვილად მიიღოს კითხვებზე პასუხი. ეს ინსტრუმენტი უპირველეს ყოვლისა, არის ოპოზიციის და ეს მათი დღე უნდა ყოფილიყო; მათ უნდა დაესვათ ძირითადი კითხვები, მიეღოთ ამ კითხვებზე პასუხი და სწორედ ეს სხდომა ჩაშალეს. აქედან გამომდინარე, გარკვეული კითხვებიც არის, რამდენად გულწრფელი არიან ისინი და სურთ თუ არა კითხვებზე პასუხების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოძიების და ექსპერტიზის მიმართ სრული ნდობა არსებობდეს, რადგან საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ინსტიტუციების მიმართ უნდობლობა სახეზეა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ნდობა საბოლოო ჯამში, მანიპულაციის საგნად იქცა.

„უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს საზოგადოების ნდობა, რა ნაწილის, რამხელა ჯგუფის, არის ეს ნდობა თუ არა, ვინ ზომავს ამ ნდობას და ა.შ? იცით, როგორ არის?! – თუკი მიზანი არის ის, რომ უნდობლობა იყოს და გამოიხატოს, ამის გამოხატვა დღევანდელ მდგომარეობაში უმარტივესია, მედიის, სოციალური მედიის და ა.შ საშუალებებით, როდესაც ეს ინსტრუმენტები პოლიტიკურ ჯგუფებს ხელში აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...