შალვა პაპუაშვილი: ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებამ დაგვანახა, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ენის პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

“ამ გამარჯვებამ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში როგორც ჩანს, სულ უფრო ღრმავდება და შეიძლება, პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია – ეს არის სიძულვილის შემცველი ენა, რომელიც ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების გარშემო სამწუხაროდ, ორივე მიმართულებით მოვისმინეთ. იყო ზიზღის და სიძულვილის შემცველი ენა როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართულებით, ასევე მისი კრიტიკოსების მიმართ. სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგიური და სოციალური ქსელების განვითარების თანმდევი პროცესია არა მხოლოდ საქართველოში. თითქოს, ეს არ არის პირისპირ ურთიერთობა და ის, რასაც არ აკადრებდნენ სხვას პირისპირ ურთიერთობის შემთხვევაში, ადვილად კადრულობენ სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით თუ კომენტარის მიწერით. ჰგონიათ, თითქოს ეს არის სამყაროში გაშვებული სიტყვები, რომელიც არავის არ ეხება. არადა პირდაპირ ეხება ყველა ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის პოლიტიკური მოღვაწე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სპორტსმენი თუ სხვა, ეს ყველას აქვს თავის თავზე გამოცდილი და მის ოჯახს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება.

აქ რეგულაციის საკითხი იმდენად არ არის, რამდენადაც ეთიკის და მორალის საკითხი. ხშირად ასეთი ზიზღის ენით მოსაუბრე ხალხი ეფარება გამოხატვის თავისუფლებას, თითქოს, ეს არის მათი უფლება. საკითხი არის შემდეგში – ერთია, რისი უფლება გვაქვს და მეორე, რის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. ვფიქრობ, ამაზე უნდა დაფიქრდეს, რათა სწორედ ეს პოლარიზაცია, რომელზეც შემდეგ უკვე ყველა წუწუნებს, აღარ იყოს ამდენად ღრმა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ეთიკის და მორალის ფარგლებში იმოქმედოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...