შალვა პაპუაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებით, ამოისუნთქა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილის პოზიციას მისი მყისიერი ბულინგი მოჰყვა.

„ვნახეთ, სალომე სამადაშვილის პოზიციას როგორი იმწამიერი და მყისიერი ბულინგი მოჰყვა. მის მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მან ამოისუნთქა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. გუშინ დავინახეთ ის, რაც დიდი ხანია ვიცოდით. კერძოდ, ის თუ ვინ არიან რადიკალები და ვინ – არა, ვინ დგას ევროპისა და საქართველოს მხარეს, ვინ დგას გაყოფის, შუღლისა და რუსეთის მხარეს. ეს დავინახეთ გუშინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენმ-ის პოზიცია სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება და ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...