შალვა პაპუაშვილი: ხომ გვახსოვთ ბაჩალიაშვილის, შაქარაშვილის საქმე და ა.შ?! როგორ პირდაპირ აყენებდნენ ვერსიების კორიანტელს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა

“ხომ გვახსოვთ ბაჩალიაშვილის საქმე, შაქარაშვილის საქმე და ა.შ?! ხომ კარგად გვახსოვს, რა იკადრა მაშინ ქართულმა მედიამ და სხვათა შორის, ამ ორი საქმის წამოწევას დღემდე ცდილობენ ხოლმე.” – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ “ტვ პირველის” ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხი პირველი შემთხვევა არ არის, სადაც მიზეზები ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ მედიის მიერ წინსწრებით ხდება ვერსიების წამოყენება და ა.შ.

„ხომ გვახსოვთ ბაჩალიაშვილის საქმე, შაქარაშვილის საქმე და ა.შ?! ხომ კარგად გვახსოვს, რა იკადრა მაშინ ქართულმა მედიამ და სხვათა შორის, ამ ორი საქმის წამოწევას დღემდე ცდილობენ ხოლმე. გვახსოვს, როგორ პირდაპირ აყენებდნენ ისეთი ვერსიების კორიანტელს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა; ადამიანის პირად ტრაგედიაზე უბრალოდ, ჰაერიდან მოჰქონდათ ვერსიები და გვახსოვს, რა იყო ამის წანამძღვარი – წინასაარჩევნო პერიოდი და კამპანია, რომელიც ორი თვე მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გაეცა პასუხი, მაგრამ უნდობლობა თითქოსდა, ხომ არსებობდა?! ამიტომ, აქ უნდა დავსვათ კითხვა – ეს მართლაც რაღაც უნდობლობაა, თუ არის უნდობლობის იმიტაცია, რომელსაც ცალკეული პოლიტიკური მედია ჯგუფები ახდენენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ყველა შემთხვევაში ხელისუფლების გამოწვევა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი ხელისუფალის გამოწვევაა, მაგრამ მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ბერკეტი არის სიმართლე და ამ სიმართლის საზოგადოებამდე მიტანა ყველაზე კარგი ინსტრუმენტია.

კომენტარები
იტვირთება...