პაპუაშვილი დეკანოიძეს: აგრესორობა სქესთან კავშირში არ არის – ქ-ნი თინა იმ დღეს იყო აგრესორი, იჭრებოდა სპიკერატში და აკავებდა ორი მანდატური

“მე იმავე დღეს გამოვთქვი წუხილი ქალბატონ თინასთან. წუხილი იმის გამო გამოვთქვი, რომ მომიწია მანდატურის ფუნქციის შეთავსება. იმის წინა სხდომაზეც ვნახეთ რომ სამწუხაროდ, დეპუტატებს მოგვიწია მანდატურის ფუნქციის შესრულება და რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ტერმინები არ უნდა ავრიოთ. აგრესორი არის აგრესორი და აგრესორობა სქესთან კავშირში არ არის. ამას უნდა გავუწოროთ თვალი, რომ ქ-ნი თინა იმ დღეს იყო აგრესორი, ის იჭრებოდა სპიკერატში, მას აკავებდა ორი მანდატური. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, გულწრფელობით შეხედეთ თვალებში ერთმანეთს.”

ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე და პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის დროს, რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალადობა არავისზე შეიძლება, რითაც მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას შორის მომხდარი ინცინდენტი ახსნა.

„ძალადობა არ შეიძლება არც ქალზე, არც კაცზე და საერთოდ არავისზე. გამორჩევა ძალადობასთან დაკავშირებით აქ არ არის. მაგრამ ასევე არ შეიძლება ძალადობა სიმართლეზე. კერძოდ, თქვენ როცა საუბრობთ, რომ სპიკერატის დაკავება, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა ეს არის საპარლამენტო პროტესტის გამოხატულება თითქოს, ეს არის ტყუილი! ეს არ არის სიმართლე. რასაც თქვენ ცდილობთ ამ პარლამენტში დაამკვიდროთ, თითქოს ეს არის საპარლამენტო პროტესტის ფორმა, ეს არის ტყუილი. საპარლამენტო პროტესტის ფორმა გიწერიათ რეგლამენტში და თქვენ იყენებთ კიდეც – ეს არის სხდომის ბოიკოტი. სხვა დანარჩენი არათუ საპარლამენტო პროტესტია, ეს არის უმსგავსობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

კომენტარები
იტვირთება...