შალვა პაპუაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვებიც კი გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას, ჩვენი მოწოდებაც ჩვენი ოპონენტების მიმართ არის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და აღასრულონ საკუთარი მანდატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენს განწყობებსაც. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველამ, პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამაც, ყველამ რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან. ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატაროთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემები, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი და შეცდომები ამ დროს. ვიცით, რომ ეს ხარვეზები არსებობდა, ამიტომ ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ.

რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ ვხედავთ, ჯერ დასკვნა არ გამოუტანიათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინიც რაღაც დასკვნას გამოიტანენ ამ არჩევნებიდან და მას შემდეგ მოყოლილი რეაქციიდან, ისინი შემოვიდოდნენ პარლამენტში.

შენიშვნების ნაწილში იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა უბნების 8%-ზე დისბალანსის საკითხს, რომელზეც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია, ვსაუბრობთ. ეს მოდის თავის დროზე „ისფედის“ ანგარიშიდან, შემდეგ 4 ნოემბრის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აისახა კიდევ ერთხელ ეს უბნების 8 %-ში დისბალანსი, რაც არის აბსოლუტური აცდენა რეალობიდან. იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაასწორონ თავიანთი ანგარიში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვაცნობებთ, რომ ეს მათი ციტირება, რასაც ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან, იყო დაფუძნებული მცდარ შეფასებას, რომელიც თავის დროზე დაუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად