შალვა პაპუაშვილი: ამნისტიის გარშემო სპეკულაციების მიზანია, „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ შეთანხმების აღსრულება ჩაშალონ

„მედიატორების განმარტება იყო, რომ 20 ივნისის საკითხი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის კვლავ პოლარიზაციის მიზეზია და იმისთვის, რომ ეს მიზეზი აღმოიფხვრას და წინ გავიხედოთ, აჯობებს, ჩვენი ახლო წარსულის ეს ფურცელი გადაიშალოს. სწორედ ამას გულისხმობს ფურცლის გადაშლა – არა ნახევრად გადაშლას, არა ნახევრად გადაკეცვას, არამედ გადაშლას, რომ წინ გავიხედოთ“, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის გარშემო სპეკულაციების მიზანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ შეთანხმების აღსრულება ჩაშალონ.

„შეთანხმებაში ყველაფერი დეტალურად არის მოწესრიგებული და განმარტებებია გაკეთებული. სპეკულაციების ერთადერთი მიზანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომელებმაც ეს შეთანხმება ვერ ჩაშალეს, ახლა მისი აღსრულება ჩაშალონ. კითხვის დასმა ხდება, რომ თითქოს არსებობს რაიმე ღია საკითხი. ბოლო შეხვედრაზე ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელი ჩაგვერთო და შეთანხმებიდან მხოლოდ ამ პუნქტზე ჩათვალა საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ მოეცა განმარტება, თუ რას გულისხმობს ევროკავშირი ამ პუნქტში. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამნისტია შეეხება 19-20 ივნისის საკითხებს, გირაოს გადაიხდის ევროკავშირი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და თავად ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა თუ ეჩქარებათ, შეუძლიათ, გირაო გამოიყენონ. თუ არ ეჩქარებათ, უნდა დაელოდონ ამნისტიას.
სწორედ ამიტომ იყო მედიაციის პროცესი და შევთანხმდით, რომ დამატებით პირობების წამოყენება აღარ ხდება. ეს იყო აშშ-ის და ევროკავშირის შემოთავაზება, ეს ჩვენგან არ მოდიოდა და როგორც შემოგვთავაზეს, ზუსტად ისე დარჩა შეთანხმებაში. „ქართულ ოცნებას“ რაიმე ინტერესი ამ პროექტთან დაკავშირებით არ აქვს. მედიატორების განმარტება იყო, რომ 20 ივნისის საკითხი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის კვლავ პოლარიზაციის მიზეზია და იმისთვის, რომ ეს მიზეზი აღმოიფხვრას და წინ გავიხედოთ, აჯობებს, ჩვენი ახლო წარსულის ეს ფურცელი გადაიშალოს. სწორედ ამას გულისხმობს ფურცლის გადაშლა – არა ნახევრად გადაშლას, არა ნახევრად გადაკეცვას, არამედ გადაშლას, რომ წინ გავიხედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...