შალვა ნათელაშვილის და ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა საპროცედურო კომიტეტმა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ლეიბორისტული პარტიიდან“ შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათ განცხადებებზე დღეს კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს მმართველი გუნდის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, კომიტეტმა განცხადებების ნამდვილობა დაადასტურა და საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის დასკვნა 2 თებერვლის პლენარულ სხდომას წარედგინება. სწორედ 2 თებერვალს დადგება ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკითხი კენჭისყრაზე. საჭირო იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

ნათელაშვილმა და ხაბეიშვილმა სხვებზე ადრე მიმართეს პარლამენტს, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით და კომიტეტმა მათ საკითხზე პირველ რიგში ამიტომ იმსჯელა. დანარჩენი 49 დეპუტატის საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე ხვალისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად