შალვა ნათელაშვილი: შეიძლება რამდენიმე პარტია გაერთიანდეს, მაგრამ საკონსულტაციო ფორმატი არ წარმოადგენს ერთიან სიას, ან ერთიან ბლოკს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზციური გაერთიანების საკონსულტაციო ფორმატი ერთიან საარჩევნო სიის ან ერთიანი ბლოკის წარმოდგენას არ აპირებს.

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ ყველა პარტია არის ისევ დამოუკიდებელი და დამოუკიდებელ სიებს შეადგენენ, ხოლო ვინც ბლოკია, დარჩება ბლოკად.

რაც ეხება ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიის პირველ ნომრებს, შალვა ნათელაშილის ინფორმაციით, პირველი ნომრები, დაუწერელი წესის მიხედვით, ლიდერები უნდა იყვნენ, თუმცა შესაძლებელია, რომ ლიდერი იყოს ქვემოთ და ახალი სახეები იყვნენ ზემოთ.

“დაუწერელი წესის მიხედვით, ლიდერები უნდა იყვნენ პირველი ნომრები. შესაძლებელია სხვა ღონისძიებაც იყოს გატარებული, ლიდერი იყოს ქვემოთ და ახალი სახეები იყვნენ ზემოთ. საერთო ოპოზიციური სია არ იქნება, ჩვენ არ ვართ ბლოკი. ამაშია პროგრესული მნიშვნელობა დღევანდელი ეტაპის ქართული პოლიტიკისათვის. თუ ადრე ერთიანობა განისაზღვრებოდა საერთო სიით, ვინ რა ნომერს მიიღებდა, ვის რა პირადი სარგებელი ექნებოდა პარტიულ გარიგებებით, დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ეს ტყავი მოიცილა, გადააგდო და დაჯდა ერთად საქვეყნო პრობლემებისათვის და არა საკუთარი ნომრისათვის სიაში. შესაბამისად, ყველა პარტია არის ისევ დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ სიებს შეადგენენ, ვინც ბლოკია, დარჩება ბლოკად. შეიძლება რამდენიმე პარტია გაერთიანდეს, მაგრამ მთლიანობაში, საკონსულტაციო ფორმატი არ წარმოადგენს ერთიან სიას, ან ერთიან ბლოკს, თუმცა, სამომავლო კოალიციურ მთავრობას, ალბათ წარმოადგენს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად