შალვა ნათელაშვილი: პლებისციტამდე ჟვანიას სახსენებელი უნდა მოსცილდეს საარჩევნო სისტემას

„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ამ წამისთვის ოპოზიცია ერთიანია მიღებულ გადაწყვეტილებებში – ახალი საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტში არშესვლა, ივანიშვილის მიერ ჩატარებული ამ მარაზმისა და მასკარადის არცნობა და ლეგიტიმაციის არმინიჭება. რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ჩვენთვის ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, რა თქმა უნდა, ესეც მისაღებია“.

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პლებისციტამდე თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიების წევრები თუ ჩამოსცილდებიან საარჩევნო სისტემას, ამომრჩევლის 80% ხმას მისცემს ახალ არჩევნებს.

„პირველ რიგში, პლებისციტამდე ჟვანიას და ჟვანიას სახსენებელი უნდა მოსცილდეს საარჩევნო სისტემას, ყველა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა იქნას მოცილებული, ყველა საარჩევნო კომისიის წევრები რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ ავ საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იქნენ გაყვანილები კომისიებიდან და დამერწმუნეთ ქართველი ხალხი 80%-ით ხმას მისცემს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. თუ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტურ გამოკითხვაში, სადაც არ იქნებიან არსებული საარჩევნო კომისიები, ხალხი იტყვის, რომ მას სჯერა ამ პარლამენტის და ივანიშვილის მანიპულაციების, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება. ამ შემთხვევაში, ჩავთვლი რომ საქართველოც აღარ არსებობს, არც საქართველოს პარლამენტი არსებობს და საერთოდ აღარც მომავალი არსებობს, მაგრამ ამას ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ჩვენს ხალხს მომავალზე უარის თქმა შეუძლია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად