შალვა ნათელაშვილი: მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგეგმება თუ არა პომპეოს შეხვედრა ოპოზიციასთან.

„პომპეოს მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი ვაშინგტონში, როცა ის კონგრესმენი იყო კანზასიდან. შემდგომ, ჩემი შეხვედრები ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად, მერე გახდა სახელმწიფო მდივანი. ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, ოღონდ არ ვიცი, შევხვდები თუ არა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესებს კავკასიის რეგიონში.

„იმ დიდ ბრძოლაში, რაც უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიასა და სამართლიან არჩევნებს, მთელი მსოფლიო დაგვიდგება გვერდში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობიდან დაწყებული და სრულიად პლანეტით გაგრძელებული, მაგრამ კაცი რომ იხრჩობოდა და „ღმერთო მიშველეო“, „გაანძრიე ხელი და გიშველიო“, ჩვენ უნდა გავანძრიოთ ხელი, ჩვენ უნდა მივხედოთ ამ ქვეყანას და მერე ყველა გვერდში დაგვიდგება. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც ერთ კონკრეტულ ადმინისტრაციას ან პიროვნებას კი არ უკავშირდება, არამედ მთლიანად ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს უაღრესად ფეთქებად რეგიონში, რომელიც დღეს ცეცხლის და დენთის კასრია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოფნა/არ ყოფნა, მათ შორის სახელმწიფოებრივი პრობლემები უკავშირდება ვაშინგტონიდან მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა აუცილებლად იქნება, მაგრამ აქ დემოკრატია უნდა იყოს იმ გაგებით, რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლა მაინც ისწავლონ მათ, ვისაც ეხება და ნამუსი იქონიონ მათ, ვინც ორი ვადით იყო ხელისუფლებაში, ქვეყანა გაგვინადგურა და ახლა მესამე ვადაზე მოფორთხავს. ვერ მიფორთხდება, ივანიშვილს ვეუბნები, მისი გზა ციხესა და საერთაშორისო ტრიბუნალზე გადის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად