შალვა ნათელაშვილი: ხელს ვაწერთ ქცევის კოდექსს, შევასრულეთ დიდი ვაჟა-ფშაველას დანაბარები, „ბილწთ არ შევეკვრით ზავითა“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით,  ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქცევის კოდექსს აწერენ ხელს.

 როგორც შალვა ნათელაშვილმა განმარტა, დოკუმენტზე ხელს აწერენ მმართველი გუნდის გარეშე, ვინაიდან მათთან ერთად რამე ვალდებულების აღება არ სურთ.

„გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დამოკრატიულად შესაცვლელად. ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ ქცევის კოდექსს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის გახდება ვეგეტარიანელი და არ შეჭამს ხორცს. ჩვენ დღესაც შევასრულეთ დიდი ვაჟა-ფშაველას დანაბარები,  „ბილწთ არ შევეკვრით ზავითა“. არასოდეს ზავით არ შევეკვრებით ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას, რათა ვერანაირმა ძალამ ვერც ერთ პარტიას და ლიდერს ვერ შეაცვლევინა პოზიცია, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ეს არის გამარჯვებისა და ქვეყნის ხსნის გზა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად