შალვა ნათელაშვილი: გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს

“საზოგადოება შეძრულია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიით. მთელი პასუხისმგებლობა ამ საზარელ მკვლელობაზე ეკისრება ქვეყნის მმართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სწორედ მან შექმნა ქურდული გაგების ზონდერ-სპორტსმენები, დააფინანსა, დააორგანიზა, მოიყვანა პარლამენტსა და მთავრობაში, ჩაუგდო ხელში საზოგადოების მართვის, ზეწოლის, ძალადობის ბერკეტები, მისცა დაუსჯელობის ინდულგენცია და აი, შედეგიც _ ჩვენი შვილების გვამები!
იძულებული გავხდით, გადაგვეგზავნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისთვის _ ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის დარგში თხოვნა, შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში, სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია, მათი ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსგან განმუხტვა, სანამ სქელკუნთა და გონებაჩლუნგი მკვლელები არ ჩამოცილდებიან პოლიტიკას, ხელისუფლებას.
ამასთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ იმ სპორტსმენების სიის შედგენას, ვინც თავი გამოიჩინა ძალადობით, პოლიტიკაში ჩარევით, საარჩევნო პროცესებში ძალადობით  ხალხის და პოლიტიკოსების დათრგუნვით. მათ უნდა აუკრძალონ შეჯიბრებებში მონაწილეობა და უნდა ჩამოერთვათ აქამდე მიღებული ჩემპიონთა ჯილდოები და წოდებები.
არ გვჭირდება ბატონო, თქვენი წოდებები და ჯილდოები თუ შვილებს დაგვიხოცავთ. სპორტსმენი, განსაკუთრებით ძალოვან დარგში ნიშნას, რომ იცავს სუსტს, ჰუმანიზმის და კეთილშობილების გარანტი უნდა იყოს. გაიხსენეთ იაპონია, საკმარისია ია ძიუ-დოისტმა ან უშუისტმა ძალადობრივი აქტი დაუშვას, მისი კარიერა სამუდამოდაა დამთავრებული და ასეა ყველა, მსოფლიოს ოდნავ ცივილიზებულ ქვეყანაში. ინდოეთს არ ყავს ჩემპიონები, არც ოლიმპიადებზე გაუმარჯვია, მაგრამ არსებობს, როგორც მაღალგანვითარებული დემოკრატიის და ტექნოლოგიების აზიური ცენტრი.
რა უბედურებაა! რა კლასტერი ჩამოყალიბდა! ვინ ხართ, საიდამ მოხვედით?! ეს ყველაფერი ქვეყნის პირველი ოჯახს, პირველი პირს უკავშირდება. არ გჯერათ? ამოწიეთ ,,ქართუ“ ბანკის გადარიცხვები, ყოველ თვე ურიცხავს ამ ზონდერებს თანხას. ეს სპორტსმენები და ეს გუნდები ყველა სიაში ყავთ. მას, მამაცაშვილებს, კალაძეებს, ხარებავებს და სხვებს. და ეს ფული უქმად არ მიდის. მათ დავალებული აქვთ ბოლომდე იძალადონ ხალხზე, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ და ახლა მთელი ფრონტით ემზადებიან არჩევნებში ჩარევისა და მასობრივი საარჩევნო ფალსიფიცირებისთვის, რითიც ფიქრობენ რომ დარჩებიან ძალაუფლებაში – მეტი არაა ჩემი მტერი! ივანიშვილს ჰო არ აცდება სანქციები, უკვე კანდიდატია ვაშინგტონში ამის და სპორტსმენებსაც ჩაითრევს, ჩაიყოლებს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსებთ, საქართველოს პროკურატურამ მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის  მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია წყალში დახრჩობით დაასახელა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო     ასევე,   მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გავრცელა

პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს და ჩვიდმეტივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად