შალვა ნათელაშვილი: ჩოჩელები, ოქრიაშვილები, ხაბულიანები, ხახუბიები, კალაძეები, მამაცაშვილები ცხვირს ვერ შემოყოფს ოპოზიციის საერთო თანამშრომლობის ფორმატში

 „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა კახა ოქრიაშვილის პარტიის პოლიტიკურ გაერთიანებასთან „ძალა ერთობაშია“-ს  შეერთებას და დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღოს.

„შევთანხმდეთ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები, მათ შორის თანამშრომლობაზეც, გნებავთ ოლიგარქთან ან 18 პარტია მოვლილ ყაჩაღებთან. ამას ვერავინ შეცვლის, მაგრამ ვიმეორებ, ჩოჩელები, ოქრიაშვილები, ხაბულიანები, ხახუბიები, კალაძეები, მამაცაშვილები და მთელი ეს ბანდა, ცხვირს ვერ შემოყოფს ოპოზიციის საერთო თანამშრომლობის ფორმატში. სხვა ფორმატში გადაწყვიტონ როგორც ითანამშრომლებენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, თქვენი შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატებს მხარი უნდა დაუჭირონ. „ლეიბორისტული პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გასულ ოქრიაშვილს, ხაბულიანს და ა.შ. მხარს დაუჭერს, ნათელაშვილი ასე პასუხობს:

„ეს შეგიძლიათ ამ წუთიდანვე გამორიცხოთ. მეორე ტურში კიარა, მეასე ტურში რომ გავიდნენ, არასოდეს ჩვენი მხარდაჭერა ოლიგარქიას არ ექნება, რადგან ოლიგარქიამ დაღუპა და დააქცია ეს ქვეყანა და არა პოლიტიკოსებმა ან პარტიებმა. ეს ჩვენს ერთობას ჩრდილს არ მიაყენებს. ერთობას ჩრდილს მიაყენებს პრინციპებისგან განდგომა და პრინციპი, რომ ოპოზიციური ერთობა გამოიწვია ოლიგარქიის დამთავრების აუცილებლობამ, არის უკვდავი, მუდმივი და ძალაშია. ამიტომ, ჩვენ პრინციპებს მივყვებით. ამ გზაზე ზოგიერთს შეიძლება შეგვეშალოს რაღაცა პრინციპებში, მაგრამ კორექტირება არასდროს არის  გვიანი. მინდა, ვირწმუნო, რომ ფორმატში ჩვენი პარტნიორი „ნაცმოძრაობა“ არ ფიქრობს მომავალი მთავრობის ოლიგარქებით დაკომპლექტებაზე. ეს ყოვლად უპერსპექტივო საქმეა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად