შალვა კერესელიძე: გიორგი გახარიას გუნდისადმი არსებობს მაღალი მხარდაჭერა, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი შალვა კერესელიძე “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლებას საჯარო სამსახურში დასაქმებული, საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, რაც მისივე თქმით, გამოიხატება თანამდებობიდან გათავისუფლებაში.

“უკვე რამდენიმე დღეა, რაც “ქართულმა ოცნებამ” და ხელისუფლებამ დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებული, საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირებზე ზეწოლა, რაც გამოიხატება თანამდებობიდან გათავისუფლებაში. ეს ადამიანები გახლავთ საკმაოდ კვალიფიციური ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საჯარო სამსახურში, სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა თანამდებობებზე და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ სამწუხაროდ, გათავისუფლების მოტივი არის მხოლოდ ერთი, რომ ამ ადამიანებმა გიორგი გახარიასადმი და გიორგი გახარიას გუნდისადმი გამოხატეს, დააფიქსირეს, პირადი, ესე ვთქვათ, მოწონება და კეთილგანწყობა. სამწუხაროა ძალიან, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმები და მეთოდები აირჩია და მე ეს მახსენებს 2012 წელს, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სწორედ ესეთი მიდგომებით და მეთოდებით ებრძოდა ქართულ ოცნებას და მაშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მტკიცე და პრინციპული უარი განაცხადა”, – აცხადებს შალვა კერესელიძე.

დეპუტატი იმ ადამიანებს, ვინც გათავისუფლდნენ სამსახურიდან და ასევე ყველა საჯარო მოხელესადმი, გამოხატავს მხარდაჭერას და მოუწიდებს, მისი გუნდი ყველანაირად დაეხმარება და მაქსიმალურად დაუდგება გვერდში.

“ეს ხდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პარტია შექმნილი არ არის და ეს ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარიასადმი და გიორგი გახარიას გუნდისადმი საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი და მაღალი მხარდაჭერა, რისიც ეშინია “ქართულ ოცნებას”.

თვე ნახევარი თუ 2 წელი თუ 8 წელი, ზოგი რამდენი ხანი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზეკიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი არიან კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მათ განცხადება არ დაუწერიათ, ნუ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩემს რეგიონს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და ყოვლად უკანონოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არ აქვთ დაწერილი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნენ გათავისუფლებული. იგივე მოხდა შიდა-ქართლის რეგიონში, იგივე მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და საკმაოდ დიდი რაოდენობა არის საერთო ჯამში გათავისუფლებული ადამიანებისა, რაც ძალიან სამწუხაროა და სწორედ ეგ აღვნიშნე მე, რომ ქართული ოცნება დაადგა პოლიტიკური ბრძოლის იმ ფორმებს და იმ გზას, რასაც მისი წინამორბედი, ნაციონალური მოძრაობა იყენებდა.

ეს არის პრაქტიკულად ზეწოლა, მოდი ესე ვთქვა, იმიტომ, რომ როდესაც საჯარო მოხელე ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამისათვის არსებობს კანონი და კანონის შესაბამისად შეიძლება მისი გათავისუფლება, როგორც არის საჯარო მოხელის შესახებ კანონი ითვალისწინებს დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემას, საყვედური, გაფრთხილება, შენიშვნა და ა.შ. და შემდეგ გათავისუფლება, მაგრამ ის, რომ ყოვლად უსაფუძვლოდ გაათავისუფლო მე მგონი, არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდება და სწორედ ამას ვგულისხმობ ზეწოლაში”,  – აცხადებს შალვა კერესელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...