შაბთაი ცური ილია II-ს: მადლობას გიხდით, რომ 2600 წლის მანძილზე საქართველომ შეიფარა ებრაელები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

ელჩებმა მხარდაჭერა და თანდგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა”.

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შაბთაი ცურიმ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

“თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შეგხვდით და გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ისრაელის სახელმწიფოს სახელით. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ყოველდღე ღრმავდება. ებრაელი ერის სახელით მადლობას გიხდით რომ 2600 წლის მანძილზე საქართველომ შეიფარა ებრაელები. დავლოცავ საქართველოს, ისრაელს და მთელს მსოფლიოს. მშვიდობა ყოფილიყოს და საქართველო გაერთიანებულიყოს,“ – ბრძანა ელჩმა.

წყარო patriarchate.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად