“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ადვოკატათთან ერთად მივიდა.

“საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასა და “შაბათის ფორმულაში” გავრცელებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია, სხვადასხვა წყაროს მოწოდებული, უფრო ადრე ჰქონდა “შაბათის ფორმულას”, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხდებოდა, თავი შევიკავეთ, რომ უფრო ადრე არ გაგვევრცელებინა.

მას შემდეგ, რაც სანდო წყარო გამოჩნდა საგამოძებო უწყებიდან და დაგვიდასტურა ის ინფორმაცია, რასაც ვფლობდით … ჩვენი პროფესიული ვალდებულებაა, რომ წყაროს კონფიდენციალურობა დავიცვათ და მეორე წყაროს მოწოდებული ინფორმაცია გავავრცელოთ. ყველასთვის მნიშნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს ჭეშმარიტება და გადაამოწმოს ყველა ის ინფორმაცია, რაც მედიაში ვრცელდება.

გამოძიება, გარდა “შაბათის ფორმულაში” გასული ინფორმაციისა, ჩემგან, ალბათ, ვერაფერს გაიგებს, გასაგები მიზეზების გამო“, – განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, გაუჩინარებულ თამარ ბაჩალიაშვილს პოლიციამდე ორი ახალგაზრდა კაცი ეძებდა, რომლებიც ოჯახის ახლობლებლად გაეცნენ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ პირები არ არიან ოჯახის ახლობლები.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ის 2 პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად