სესიაშვილი: უფრო რთულია იმ კადრების ნახვა, როცა შენს კოლეგას ბრალად ედება არეულობის ხელმძღვანელობა

“სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკოსების მხრიდან არანაირ რევიზიას არ ექვემდებარება”. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიციაც და საზოგადოებაც გაიაზრებს როგორ სახელმწიფოში ცხოვრობს.

„გუშინ გვაბრალებდნენ, რომ ჩვენს კოლეგას ვიჭერდით, რეალურად იქ იყო იმ პრივილეგიის მოხსნა, რომ წარედგინათ სასამართლოს წინაშე მელია. დღეს სასამართლოს სხდომამდე მთელი ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს არის ხელისუფლების მონა-მორჩილი სასამართლო და მიიღებს გადაწყვეტილებას, მელიას დააკავებენ, თუმცა ნახეთ, რომ სასამართლოზე ჯანსაღად გაიმართა მსჯელობა. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.

ცხადია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. პირველ რიგში, საზოგადოებას სჭირდება პასუხი, რა მოხდა 20 ივნისს. ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, როგორც იმ ადამიანების, ვინც აგრესია გამოავლინა, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც აგრესიულად მოქმედებდნენ.​კოლეგიალურად ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, უფრო რთულია იმ კადრების ნახვა, როცა შენს კოლეგას, რომელიც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრია, ბრალად ედება არეულობის ხელმძღვანელობა, ეს არის მძიმე ბრალდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...