ირაკლი სესიაშვილი: პანიკის ინსპირირების საჭიროება არ არსებობს

“მთავარი არის ერთი რამ, რაც მინდა ყველას გთხოვოთ, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, რომ პანიკის ინსპირირების საჭიროება არ არსებობს. ეს პანიკა მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე მოქმედებს და შეიძლება, მომავალ დღეებში ცალკე გამოწვევა იყოს.

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„იცით, რომ დღეს მსოფლიო ძალიან აქტიურად მსჯელობს ერთობლივ მოქმედებაზე. ეს იმ ტიპის გამოწვევაა, სადაც გლობალური, საერთო სტრატეგიაა საჭირო და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამოუკიდებლად და საკუთარი პრობლემის მოგვარების მიზნით არ იმოქმედებენ და ერთიანი სტრატეგია იქნება შემუშავებული, რადგან აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. მსოფლიო ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც ყველას გვჭირდება. ეკონომიკური, განვითარების თვალსაზრისით და ბოლოს და ბოლოს, ნორმალური ცხოვრებისთვის“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით,  მთავრობა სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როცა მთავრობას რამდენიმე სიტუაციაში მოქმედების გეგმა აქვს და შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მოქმედებენ, მათ შორის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ გამაცნო ის პროტოკოლი, რა მოქმედების გეგმა აქვთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ პროცესის მიხედვით ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომ სიტუაციის ნორმალიზაცია მოვახდინოთ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად