სესიაშვილი: ხაზარაძის მიერ წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა

“ხაზარაძის მიერ წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა”, – ​ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლის სესიაშვილმა “თი ბი სი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დღევანდელი პრეზენტაცია საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”-ს დაფუძნების შესახებ.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა თუ ხაზარაძის მთავარი მიზანია, რომ ანაკლიის პროექტი განახორციელოს, უმჯობესი იქნება, რომ მან თავის ვალდებულებები შეასრულოს.

„რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე პოლიტიკურ ველში შემოვიდა, შემიძლია კრიტიკულიც ვიყო და მოვუწოდო კიდეც გარკვეული ნაბიჯები. მივესალმები, თუ ის მოახერხებს და ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ეს პარტიას თუ არა ქვეყანას მაინც გამოადგება. თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი არის, რომ ანაკლიის პროექტის რეალიზება მოახდინოს, მე მირჩევნია, რომ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, რომ თავად მანაც შეასრულოს ვალდებულებები. დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა, მე დღეს მოვუსმინე, არ ვიცი, ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, თუმცა, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, როცა ასეთი პოლიტიკური განცხადებები კეთდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისათვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...