სესიაშვილი ინაშვილზე: სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სასტუმრო “რუმსში” მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი ღონისძიების ორგანიზატორებს დაუპირისპირდა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი ინციდენტი არასასიამოვნოა, თუმცა, ირმა ინაშვილს თავისი პოლიტიკური პოზიცია აქვს, საკუთარი აზრის გამოთქმა კი დემოკრატიას ახასიათებს.

“ეს კონფერენცია ძალიან საინტერესო და ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ექსპერტი, რომელიც იქ იმყოფება, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, მთლიანად არიან ორიენტირებული, რომ ჩვენ უკეთესი სახელმწიფო გვქონდეს. რაც შეეხება ამ ინციდენტს, ჩემთვის პირადად არასასიამოვნო იყო, ერთის მხრივ არის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ ტარდება, მეორე მხრივ, არის კოლეგა, რომელსაც პოლიტიკური პოზიციების დაცვა უნდა. რა თქმა უნდა, ინციდენტი არასასურველია. ზოგადად დემოკრატიას ახასიათებს აზრთა სხვადასხვაობა, საკუთარი აზრის დაცვა. ჩემს კოლეგას, ირმა ინაშვილს აქვს თავისი პოლიტიკური პოზიციები, მას ეს პოზიციები არ დაუმალავს და ღიად საუბრობს, რომ ცდილობდა თავისი პოზიციების დაცვას, აქაც გასაკვირი არაფერია. ინციდენტი სამწუხარო პროცესია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი და ინაშვილის საგარეო პოლიტიკური ხედვა რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მის მიმართ პიროვნულად ან პოლიტიკურად უნდა ვიყო უმწვავეს დაპირისპირებაში. მას თავისი აზრი აქვს, რომელსაც აფიქსირებს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისათვის: ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...