სესიაშვილი: აფხაზეთში არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება. ეს ყველაფერი კრემლის „კარის თამაშებია”

“კრემლი აფხაზეთში მშვიდობით დაინტერესებული არ არის. თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ აფხაზეთში მშვიდობა იყოს, ეს არის საქართველო და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები. რუსეთი ატარებს „დაყავი და იბატონე” პოლიტიკას”. 

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს.

„ყველა ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის ტყვეობაშია ჩვენი აფხაზეთი. კრემლი აფხაზეთში მშვიდობით დაინტერესებული არ არის. თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ აფხაზეთში მშვიდობა იყოს, ეს არის საქართველო და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები. რუსეთი ატარებს „დაყავი და იბატონე” პოლიტიკას. თავისთავად ცხადია, აფხაზეთში არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება. ეს ყველაფერი კრემლის „კარის თამაშებია”. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის ჩვენი ყურადღების მიმართვა იმაზე, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დავიცვათ ადგილზე. თუ რაიმე ფორმით შეგვეძლება საერთაშორისო ბერკეტების გამოყენება, რომ რუსეთი ვაიძულოთ იქ ძალადობის ესკალაცია არ მოხდეს, თავისთავად ცხადია, ამას გამოვიყენებთ,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე  გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ხელისუფლებას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კომუნიკაცია აღარ აქვს, რის გამოც რეალურ ვითარებაზე ინფორმაციას არ ფლობს.

მისი თქმით, ხელისუფლება კავშირზეა თავის თანამოქალაქეებთან, თუმცა, ამაზე ღია საუბარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდება.

„ხელისუფლება კავშირზეა თავის თანამოქალაქეებთან და იმაზე, თუ რა პროცესებიც მიმდინარეობს, ღიად არ ვსაუბრობთ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ თუნდაც, არ დავაზიანოთ არსებული ურთიერთობები. რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ისინი კეთდება მაშინ და იმ ფორმით, რომელიც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებშია. ეს პროცესი გარკვეული მგრძნობელობებითაა დატვირთული. მესმის, რომ როგორც კი ხელისუფლებიდან გადიან მაშინვე კრიტიკის სურვილი უჩნდებათ, მაგრამ ასევე კარგად იციან, რომ დიალოგი მუდმივად არსებობს. იმ პროგრამებს, რომელიც აფხაზებთან განვახორციელეთ, მოაქვს ძალიან ღირებული შედეგი. ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობა და მათი ჩართულობა ამ პროგრამებში ასეთი ინტენსიური არასდროს არ ყოფილა,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად