სეს-მა ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მზიურის პარკში აღნიშნა

მზიურის პარკში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიც წელს სურსათის უვნებლობის საკითხს მიეძღვნა. 2015 წლის გზავნილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სურსათის სწორად შენახვა და უსაფრთხოების წესების დაცვა წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სივრცე ღია ცის ქვეშ და მოხდა ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის დეგუსტაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მშობლები ბავშვებთან ერთად, დაწყებითი სასწავლო დაწესებულებების აღსაზრდელები და მასწავლებლები, ასევე საჯარო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დიდებისა და პატარების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში დღის წამყვანი, ქუჩის თეატრის მსახიობები, ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გმირები და ოჩოფეხებიანი ანიმატორები ზრუნავდნენ. უფროსებმა და ბავშვებმა სურსათის უსაფრთხოებისა და სწორად შენახვის კუთხით სპეციალური რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს.

“სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეურთდა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, რომლის გზავნილი 2015 წელს სურსათის უვნებლობაა. სააგენტო მუდმივად დიდ ყურადღებას უთმობს ამ თემას და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი ბავშვები არიან, მათთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. დღევანდელი ღონისძიებით მოვუწოდებთ საზოგადოებას, უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ სურსათის უვნებლობას და შესაბამისად გაუფრთხილდნენ პატარებისა და საკუთარ ჯანმრთელობას”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1950 წლიდან აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO). ჯანდაცვით საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს გლობალური ჯანდაცვის თემაზე. 2015 წელი სურსათის უვნებლობას ეძღვნება. აღნიშნულ ღონისძიებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 ძირითადი მესიჯი აქვს: (1) დაიცავით სისუფთავე; (2) განაცალკევეთ უმი და მომზადებული საკვები; (3) მოამზადეთ საკვები საფუძვლიანად; (4) შეინახეთ საკვები უსაფრთხოდ; (5) გამოიყენეთ უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად