სერგო რატიანი: “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება სკოლის დირექტორების მიმართ

“ევროპული საქართველოს’’ ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების მიმართ „ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა“.

როგორც სერგო რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, 2014 წელს არჩეული სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მათი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება სრულ აგონიაში. ამას ადასტურებს ის, რომ ამ დღეებში მათ განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება სკოლის დირექტორების მიმართ. გაათავისუფლეს სკოლების ყველა ის დირექტორი, რომელიც არჩეული იყო 2014 წელს. ფაქტობრივად, წინასწარ, განზრახულად არ ჩაატარეს კონკურსი, არ დაიწყეს დირექტორის კონკურსის პროცედურა და შესაბამისად, გაათვისუფლეს ყველა და მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს ის დირექტორები, რომლებიც მათ მიმართ შედარებით ლოიალურად არიან განწყობილნი. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბური შეტევა სკოლაზე. აი ასე მიულოცა „ქართულმა ოცნებამ“ 15 სექტემბერი ჩვენს სკოლას“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა განმარტოს თუ რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსი.

„ყველამ იცის, რომ ჩატარდა ეროვნული გამოცდები, ჩატარდა სხვა კონკურსები და არ ჩატარებულა სკოლის დირექტორის კონკურსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ გააკეთოს განმარტება თუ რატომ არ დაიწყო წელს ზაფხულში კონკურსის პროცედურა და სასწრაფოდ დაიწყოს ეს პროცედურა. ეს დირექტორები უნდა დააბრუნონ სკოლაში, დანიშნონ მოვალეობის შემსრულებლად და პარალელურად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ კონკურსი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად