სერგო რატიანი: რასაც ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის წარსული, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გადავდგათ მომავლისკენ ნაბიჯი

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა, რადგან მათ ერთპარტიული მმართველობა სურთ, “ევროპულ საქართველოს” კი კოალიციური მთავრობა.

როგორც სერგო რატიანმა  “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, სწორედ ეს არის საფუძველი, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

“რას ამბობს დღეს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” – ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ერთპარტიული გამარჯვება, იმიტომ, რომ ისინი ცენტრში ხედავენ ერთ ლიდერს, ერთ ლიდერზე, ერთ პარტიაზე აწყობილ პოლიტიკურ სისტემას და მკაცრ იერარქიას ზემოდან ქვემოთ. ის ამბობს, რომ კოალიცია მე არ მაინტერესებს, მაინტერესებს კოალიცია ხალხთან და არა პარტიებთან.

ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის წარსული, ჩვენ გვაქვს აწმყო და ვამბობთ, რომ უნდა გადავდგათ წინ, მომავლისკენ ნაბიჯი. მომავლისკენ ნაბიჯი გულისხმობს რადიკალურ ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს კოალიციურ მთავრობას იმისთვის, რომ არ იყოს ჭარბი ძალაუფლება, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთმანეთის კონტროლი. ჩვენ არ გვეშინია კოალიციაში ყოფნის, რადგან გავაკეთებთ საქმეს და ჩვენ ვაკონტროლებთ კოალიციის წევრებს. ასევე, არ გვეშინია, რომ კოალიციაში იქნებიან განსხვავებული ხედვის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენ გაგვაკონტროლებენ. როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ არ მინდა კოალიცია და მინდა კოალიცია ხალხთანო, ამით  უარს ამბობს კონტროლზე”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად