სერგი კაპანაძე უმრავლესობას: სამწუხაროდ, თქვენ პრორუსული, პროპუტინული ძალა ხართ

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში დანერგა ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არიან პრორუსული ძალები.

„პრორუსული ძალა ხართ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნარატივი, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით პრეზიდენტად, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. უმრავლესობა თქვენგანი, რომლებსაც გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკაზე ექსპერტები ხართ, ხან იმას გვაბრალებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია ასე, ხან იმას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ტალიავინმა დაადასტურა. ყველაფერი ეს არის ტყუილი.

ბოლო წლების განმავლობაში დანერგეთ ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. თქვენ ხართ პრორუსული ძალა, რადგან ის, რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, რომ უნდოდა საქართველო გაექრო დღის წესრიგიდან, მაშინ ეს სიტყვები იყო და თქვენ ეს შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, ეს საქმე არის პრორუსულობა. ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე აღარ ლაპარაკობენ არც საჯარო გამოსვლებში, არც უმაღლეს შეხვედრებზე, როცა რუსეთს ესაუბრებიან, არის ამის გამოვლინება და ეს არის პრორუსულობის გამოვლინება.

იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ კილომეტრ-ნახევრით შემოიწია კიდევ ერთ-ერთ ადგილზე ადმინისტრაციულმა საოკუპაციო გამყოფმა ხაზმა, რაც მერამდენე შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ამაზე რეაგირება თითქმის არ გქონდათ, სანამ იძულებული არ გახდით, საზოგადოების წნეხის შედეგად, რაღაც ნაბიჯები გადაგედგათ. მახსოვს, თქვენი ნარატივი თქვენი მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების.

ამბობდნენ, რამდენიმე სახლი და რამდენიმე სოფელი იკარგება და ამის გამო ომს ხომ არ დავიწყებთო. ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. კიდევ იმიტომ, რომ შექმენით ილუზია ჩვენს მეგობრებში, რომ პრობლემები გვარდება დიალოგის გზით. ჯერ სოჭის ოლიმპიადაში მიიღეთ მონაწილეობა, მერე ორმხრივი დიალოგი აღადგინეთ და იტყუებოდით, ამბობდით, რომ ორმხრივად ვალაგებთ პრობლემებსო.

ამ დროს კი არ ალაგებთ, გააუარესეთ ეს პრობლემები, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გვქონდა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გმართავთ რუსი ოლიგარქი თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, არ იყოს ოპოზიცია, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები, რომ უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული და ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. მასზე გადაფარებული ხართ, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. არანაირი პროევროპული. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ღრმა ბოლშევიკურ აზროვნებაში არიან ჩარჩენილი და ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობენ მათგან განსხვავებული შეხედულებების ადამიანები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად