სერგი კაპანაძე: შოთაძე ოპონენტების წინააღმდეგ დავალებებს, თვალის დაუხამხამებლად ასრულებდა (ვიდეო)

„შოთაძის დაბრუნებაც და გახარიას დაწინაურებაც მისი მხრიდან ძალის ჩვენებაა, რომ მე რაც მინდა იმას ვაკეთებო. ქუცნაშვილიც რომ დააბრუნოს, საერთოდ არ გამიკვირდება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დეპუტატი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ წინასწარ იღებენ გადაწყვეტილებას და პარლამენტში შემდეგ აფორმებენ.

„რეალური ერთგული ადამიანები დარჩათ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი და არავინ მათ მიღმა. ამ რაღაც წრეში ტრიალებენ. ანუ, ბევრი კანდიდატურა და ალტერნატივა არც აქვთ. ზუსტად იგივეა შოთაძეზეც და ამ შემთხვევაში ჩხენკელზეც. ჩხენკელი უბრალოდ გამორჩეულად ამაზრზენია, რომელიც გამოხატავს მისი პირფერობის აღმატებულ ხარისხს. მეორე არგუმენტია ის, რომ ალბათ შოთაძე სჭირდებათ წინასაარჩევნოდ ამ პოლიტიკური საქმეების ბოლომდე მისაყვანად. შოთაძე მაგით არის გამორჩეული, რომ ნებისმიერ დავალებას ოპონენტების წინააღმდეგ ასრულებდა თვალის დახამხამების გარეშე. როგორც ჩანს აპირებს ივანიშვილი, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდი გადააგოროს და ამ დროს შოთაძეზე კარგ კადრს ვერ იპოვის.

ეს ხომ ასე ხდება ხოლმე, რომ წინასწარ იღებენ გადაწყვეტილებას და მერე პარლამენტში აფორმებენ. ასე იყო მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. ეუთო/ოდირის დასკვნის მთავარი არსი ეგ იყო, რომ წინასწარ შეარჩიეს მოსამართლეები, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და მერე დანარჩენი ფარსი იყო. დანარჩენი ფარსი იქნება გენერალური პროკურორის არჩევის საკითხიც.

არც ქუცნაშვილის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, ქუცნაშვილი ამ კლოუნების იერარქიაში მაღალ დონეზე არ არის და მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ კი, ყველაფერი შესაძლებელია. ივანიშვილი აკეთებს იმას, როგორც საჭიროდ თვლის. ძალის პრექცირებას თუ გამოსხივების ჩვენებას, იმის მიხედვით იქცევა. შოთაძის დაბრუნებაც და გახარიას დაწინაურებაც მისი მხრიდან ძალის ჩვენებაა, რომ მე რაც მინდა იმას ვაკეთებო, ქუცნაშვილიც რომ დააბრუნოს, საერთოდ არ გამიკვირდება“, – გვითხრა სერგი კაპანაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად