სერგი კაპანაძე შაქარაშვილის საქმეზე: ხორავას ქუჩის საქმესთან მსგავსება, რაც ერთი შეხედვით ჩანს, არის დაუსჯელობის სინდორმი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩისა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მსგავსებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ერთი შეხედვით რაც ჩანს, არის დაუსჯელობის სინდრომი, მენტალიტეტი, რომელიც არსებობს ახალგაზრდობაში და არის პირდაპირი შედეგი იმ დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ტვ “პირველის” “დღის ამბებში” ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ არ იცნობს გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებს.

“ხორავას ქუჩის საქმეზეც მას შემდგე დავიწყე კომენტარების კეთება, რაც სიღრმისეულად გავეცანი საგამოძიებო კომისიის მასლებს, არ ვიცნობ შაქარაშვილის საქმის მასალებს, მაგრამ გეტყვით, რა არის მსგავსება რაც ერთი შეხედვითაც ჩანს – დაუსჯელობის სინდრომი, მენტალიტეტი, რომელიც არსებობს ახალგაზრდობაში და არის პირდაპირი შედეგი იმ დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია , რომ არაუშავს ქურდულ მენტალიტეტს, კრიმინალს რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს იყო ერთი და იგივე ლაიტმოტივი, რომელიც ჩანს ორივე შემთხვევაში. რაღაც მცირე პრობლემა წარმოიშვა ორივე შემთხვევაში და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ძალადობის გზით მოეგვარებინათ. როგორც ჩანს, არავინ ამაში დიდ პრობლემას არ ხედავდა, ისე როგორც არავინ ფიქრობდა, რომ მერე ან პოლიციაში უნდა დაერეკა, ან სხვაგვარად უნდა განემუხტა სიტუაცია”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, სურვილი არა აქვს, ამ შემთხვევაში განმეორედეს, ის, რაც მოხდა ხორავას ქუჩის შემთხვევაში, რომ ხდებოდა კონკრეტული ადამიანების ჩარევა გამოძიებაში.

“ყველა ეს ადამიანი ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული იქნა. სამწუხარო ის არის, რომ არავინ არ დასჯილა. ყველა ჭორსა და განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ მგონია, რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის საქმე, თუმცა ვაკვირდები ისეთივე ცნობისმოყვარეობით, როგორც თითოეული ჩვენგანი. იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, ყველას უნდა ნათელი მოეფინოს ამ საქმეს. გაკვეთილები, რომელიც ჩვენ ხორავას საქმისგან ვისწავლეთ, არის ის, რომ თუ ხდება რაღაც ტიპის ჩარევა ამას აუცილებლად მოყვება ხოლმე კიდევ უფრო დიდი საქმის გაფუჭება, დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. მაქსიმალური გამჭვირვალეობა და დროში ეფექტურად მოქმედება არის ერთერთი გასაღები, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედიები არ გამეორდეს და თუ მოხდება, მასზე იყოს სწრაფი რეაგირება, რათა დამნაშავეები სწრაფად იყვნენ დასჯილი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული.

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად