სერგი კაპანაძე: რომან კაკულია ყველაფერზე ხელისმომწერად ჩამოყალიბდა

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “ყველაფერზე ხელისმომწერად” ჩამოყალიბდა და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების სწრაფად მიღების ამოცანა აკისრია.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინვესტიციები შემცირდება და კონტროლს სახელმწიფო მოიპოვებს.

“ამ კანონში იმდენი პრობლემაა ჩადებული, რომ მისი გასწორება რაღაც მუხლების რედაქტირების გზით წარმოუდგენელია. მთავარი პრობლემა რჩება ის, რომ კომუნიკაციების კომისია იღებს ფუნქციას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიაში სხვადასხვა მიზეზით შეიყვანოს დროებითი მმართველი და იქ ეს მმართველი უვადოდ დატოვოს. რაც მთავარია, ამას აკეთებს სასამართლო კონტროლის გარეშე. ასეთი მექანიზმი კიდეც რომ იყოს საჭირი, თეორიულად რომ დავუშვათ, მაშინ ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება შემდეგნაირად, მარეგულირებელი მიდის სასამართლოში და მან უნდა მისცეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება. აქ პირიქით ხდება, კომისიას თვითონ შეჰყავს. რა თქმა უნდა, ჩვენთან სასამართლოსაც არავინ არ ენდობა, მაგრამ ყველანაირი კონტროლის და მექანიზმების გარეშე მარეგულირებელი იღებს ფუნქციას, შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში. ამიტომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივად დახვეწა შეუძლებელია. კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ყველაფერზე ხელისმომწერად ჩამოყალიბდა, ამ კანონპროექტის სწრაფად მიღების ამოცანა აქვს. ამას შედეგი ექნება ერთადერთი: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემცირდება ინვესტიციები, კომპანიები დაზარალდებიან და სახელმწიფო მოიპოვებს კონტროლს. ამას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა გუშინდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება. პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად