სერგი კაპანაძე „ოცნებაზე“: არანაირი შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა არ იქნება ისინი წააგებენ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე იტყუება, თითქოს ევროპულ საქართველოს ჰქონდა რაიმე კვლევა IPM-თან.

სერგი კაპანაძის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს გამოიყენოს ნაცადი ხერხი, რომ დააბრალოს ოპოზიციას შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა.

„ბატონი კობახიძე არის მატყუარა, “ევროპულ საქართველოს” IPM-თან არანაირი კვლევა არ ჰქონია.

ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა. ჩვენი კვლევა გუშინ რაც იყო, გავასაჯაროვეთ შედეგები და იმ კვლევის მიხედვით, ისევე როგორც სხვა კვლევების მიხედვით, ქართული ოცნება დრამატულად აგებს ამ არჩევნებს  და ეხლა როგორც ჩანს მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და რაღაც ბოდვები.

არაფერი არ გამოუვათ, არანაირი შეიარაღებული ამბოხება და არანაირი ძალადობა არ იქნება, ძალიან წყნარად ამ შაბათს ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე. ტყუილები დარჩება ისტორიას როგორც მორიგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საბჭოური სტილის მართველობა უნდა რომ ჰქონდეს ივანიშვილს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად