სერგი კაპანაძე ოპოზიციის სამომავლო სტრატეგიას ასაჯაროებს

“ორი სიტყვით ჩვენი სტრატეგიის შესახებ.” – ასე იწყებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე თავის ფეისბუქ სტატუსს.

“დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი მწვავე პროტესტი. ზოგი იტყვის, რომ ეს უკანონოა. ჩემი პასუხი იქნება, რომ ზუსტად იმდენადაა უკანონო, რამდენადაც მარტინ ლუთერ კინგის მოძრაობა იყო უკანონო, ან მაჰათმა განდის პროტესტი იყო უკანონო, ან ევრომაიდანი, ან ვარდების რევოლუცია და ა.შ.

ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას. ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. არ ვაპირებთ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. არ ვაპირებთ, მით უმეტეს, მოლოტოვის კოქტეილების და ა.შ. გამოყენებას. არც რევოლუციას ვაპირებთ.

ამ ყველაფერს ქოცები ბევრჯერ დაგვაბრალებენ. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასწორი იქნება.

სამაგიეროდ ვაპირებთ ვაპროტესტოთ მწვავედ, მასიურად და შემტევად. ძალადობის გარეშე. კონსტიტუციის ფარგლებში. კიდევ ერთელ – ძალადობის გარეშე.

ბევრჯერ მოუწევთ ჩვენი დაშლა. მათ შორის, სპეც. რაზმის გამოყენებით. ასევე ბევრ ჩვენგანს დაიჭერენ კიდეც. ჯერ 2-კვირიან სასჯელებს მისცემენ, მერე მოუმატებენ.

ასე მივალთ, ან პროპორციულ ვადამდელ არჩევნებამდე, ან შემოდგომის დაგეგმილ შერეულ არჩევნებამდე. მანამდე იქნება ძალიან დაძაბული და არანორმალური ვითარება. ამას ყველა ვაცნობიერებთ. სამწუხაროდ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს ეს გზა არჩია ბიძინამ. მოტყუების, გადაგდების, ძალადობის და დაძაბულობის გზა. შესაბამისად, მიიღო კიდეც ეს გზა – ქუჩაში გასროლილი პროცესი, პოლარიზებული და რადიკალური პოლიტიკა, რომელიც ზიზღს და ერთმანეთის განადგურებას ეყრდნობა. ეს ამჯობინა დიალოგს და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და პროპორციულ არჩევნებს.

რასაც მოიგებს შედეგად, ყველანი ერთად ვნახავთ.” – წერს სერგი კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად