სერგი კაპანაძე: მაიკ პომპეომ პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება”.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განუცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით,  კითხვის ნიშნები მოხსნილია და მისთვის ცნობილია, რომ სატელეფონო საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო.

„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებაში საუბარია თუ რა იყო განხილვის მთავარი თემა. შეგვიძლია ვთქვათ, ყველანაირი კითხვის ნიშნები მოხსნილია – მთავარი თემა იყო არჩევნები. როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე. ეს არის ძალიან კარგი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს, საქართველოში ჩატარდეს გაყალბებული არჩევნები, იყოს ძალადობა ან სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც წინა არჩევნების დროს ვნახეთ. ეს არის ხაზგასმა, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად