სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძეზე: მელამ მოწმედ საკუთარი კუდი მოიყვანა

“მელამ მოწმედ საკუთარი კუდი მოიყვანა – ერთ-ერთი მთავარი ირაკლი კობახიძეა, ვინც სუს-ში მივიდა და რაღაც ინფორმაცია მიაწოდა, რომ თითქოს ოპოზიცია გადატრიალებას აპირებს”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ სუს-ში ჩვენების მიცემის შეფასებისას განუცხადა.

“იმის გამო, რომ ხალხს არჩევანი მოპარეს, ხალხი გარეთ გამოსვლასა და გაპროტესტებას აპირებს. ეს ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი იქნება. ხელისუფლება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ცდილობს. ერთი მხრივ აპირებენ, ოპოზიცია შეაშინონ. ეს მცდელობა სრულიად წარუმატებელი იქნება, მაგრამ ამას აპირებენ! მეორეს მხრივ, ხელისუფლება აპირებს, შეაშინოს ხალხი. ხალხს იმით აშინებს, რომ პანდემიაა და გარეთ არ უნდა გამოვიდნენ. ამ მიზეზით რაღაც შეზუდვების შემოღებას აპირებს, ხოლო ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ევაჭრება. დაფინანსება ის საკითხი არ არის, რომლის გამოც ოპოზიცია არჩეულ სტატეგიაზე უარს იტყვის. ახლა მოიგონეს ის, რაც მათი მხრიდან დიდი ხანია გვესმის, რომ თითქოს ოპოზიცია გადატრიალების მოწყობას აპირებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოკითხეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი გამოკითხვა ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც ქვეყანაში ე.წ. რევოლუციურ სცენარს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად