სერგი კაპანაძე: ბურჯანაძეს საგარეო პოლიტიკაზე გავლენა არ ექნება, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია (ვიდეო)

“წითელი ხაზი მასთან ისევ გვაქვს. მაგრამ თქვენი კითხვაში თავიდან ბოლომდე არასწორი დეფინიციაა. ჩვენ არ გვაქვს თანამშრომლობა ბურჯანაძესთან, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ყველა პარტიასთან მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმირების ირგვლივ. სხვა არაფერზე არ არის თანამშრომლობა, არცერთ შინაარსობრივ და თემატურ საკითხზე. აქედან გამომდინარე თქვენი კითხვის მეორე ნაწილი – დავიწყეთ თუ არა მის ელექტორატზე მუშაობა აზრს კარგავს”, – აცხადებს “აიპრესთან” ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის კონტექსტში დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

სერგი კაპანაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ბურჯანაძესთან მხოლოდ საარჩევნო სისტემის ფარგლებში მუშაობენ, სხვა თემატური თანამშრომლობა კი არ აქვთ. იმ შემთხვევაში კი თუ პოტენციურად დადგება საკითხი, რომ ბურჯანაძე კოალიციას უნდა შეუერთდეს იმისათვის, რომ უმრავლესობის კოალიცია შექმნან, ამას პარტიები გადაწყვეტენ. კაპანაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბურჯანაძეს საგარეო პოლიტიკაზე გავლენა არ ექნება და ეს თემა “ევროპული საქართველოსთვის” წითელი ხაზია.

“ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვიკრიბებით „ლეიბორისტების“ ოფისში, გაერთიანებული ვართ ერთადერთი მოსაზრების გამო, რომ გვქონდეს სამართლიანი პროპორციული არჩევნები. იმის იქით ჩვენს შორის თანამშრომლობა არ არის – შინაარსობრივ საკითხებზე, იდეოლოგიურ საკითხებზე, ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობა არც ყოფილა და არც გვექნება.

ისევ მონაწილეობს თაკო ჩარკვიანი ამ მოლაპარაკებებში. მე როცა ვიყავი… იქ არის ხოლმე ის ან მისი პარტიის წარმომადგენელი.

ბურჯანაძის საგარეო პოლიტიკურ თემებზე მიუღებლობა ალბათ ყველაზე მეტად ჩვენ გვაქვს. ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად არ ვიქნებით პროპორციული არჩევნების მოთხოვნის საქმეში. პროპორციული არჩევნების არსი და პეწი სწორედ ეგ არის, რომ მერე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მერე ვინ შევა და რა რაოდენობით პარლამენტში. ვიცით, რომ არის საქართველოში პრორუსულად განწყობილი მოსახლეობაც და მას თუ უნდა, რომ ბურჯანაძე აირჩიოს, ამის უფლება მათ უნდა ჰქონდეთ. პრორუსულობა დანაშაული კი არ არის საქართველოში, უბრალოდ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ვინც იტყვის, რომ დანაშაულია, ის ჩვეულებრივ ფაშისტურ აზრს ავითარებს. ამიტომ, შეუძლია იყოს პარლამენტში. უბრალოდ ჩვენთან ვერ ითანამშრომლებს და ჩვენ არ შევალთ მასთან თანამშრომლობაში.

ჩემ აზრს გეუბნებით, საგარეო პოლიტიკურ თემაზე ბურჯანაძეს გავლენა არ ექნება, კიდეც რომ შევქმნათ კოალიცია. ოღონდ მე გამოვრიცხავ, რომ ეგეთი ვარიანტი დადგეს. იმიტომ რომ ბურჯანაძეს ძალიან მცირე მხარდაჭერა აქვს. დიდი ალბათობით მომავალ კოალიციურ ერთობაში მისი ადგილი არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ პროდასავლურ ძალებს შორის შეიკრას კოალიცია.

პოტენციურად ბურჯანაძე პარლამენტში ალბათ მოხვდება ერთი ან ორი ადამიანით, მაგრამ თუ ის გადაწყვეტს, რომ კოალიციას შემოერთდეს, ამის შესაძლებლობა ალბათ ექნებათ მათ, რადგან ამას ერთი ან ორი პარტია ვერ გადაწყვეტს. მაგრამ, მას არანაირი გავლენა არ ექნება საგარეო პოლიტიკაზე. ეს არის ცალსახა წითელი ხაზი ჩვენთვის და ამ წითელ ხაზს არ გადავუხვევთ. რაც არ უნდა პროპაგანდა მძვინვარებდეს ხელისუფლების მხრიდან, რომ ნახეთ „ევროპული საქართველო“ პრორუსულ ძალებთან გაერთიანდა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად