სერგი კაპანაძე არჩილ თალაკვაძეს: მუნდირის დასაცავად, იქნებ, თეა წულუკიანი პარლამენტში მოაბრძანოთ

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ კომიტეტის ფორმატში არმოსვლით ის კანონს არღვევს.

„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკანონოდ შეუწყვიტეს საქმიანობა. მერე მიმართა იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს და სასამართლომ შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. წაიღო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ დაწერა, რომ შესრულდეს და აღუდგეს ეს უფლება. მინისტრი წულუკიანი ამ ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის კანონდარღვევა. სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ ორი კვირის წინ წულუკიანის მოსვლა კომიტეტზე და კითხვებზე პასუხის გაცემა. ის არ მოდის კომიტეტზე. ეს არის ბოლო სესია ამ ორი დღის განმავლობაში. იქნებ მოვიდეს წულუკიანი პარლამენტში. რაც ვიცით და ღია ინფორმაციაა, ის არღვევს კანონს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გვინდა რომ გვიპასუხოს. თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა პარლამეტში. კიდევ ერთხელ გთხოვთ, პარლამენტის მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ ხვალ ზეგ ან დღეს, ამ სამი დღის განმავლობაში წულუკიანი მოაბრძანოთ პარლამენტში“.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა  სერგი კაპანაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა, მინისტრის მოსვლა პარლამენტში ვერ უზრუნველყოს, სესიაზე დატვირთული დღის წესრიგის გამო.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე კვირაში შევძლებთ მინისტრის მოწვევას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როცა მობრძანდება პარლამენტში, ექნება თქვენს კითხვებზე პასუხები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. .

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად