სერგეი ლავროვმა აშშ სირიის გაძარცვაში დაადანაშაულა

შეერთებული შტატები სირიის არაბთა რესპუბლიკის გაძარცვასა და ნავთობის საბადოებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, რაც უკანონოა. სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთით,  ნავთობის საბადოების გარშემო ჯავშანტექნიკა განალაგეს.

სერგეი ლავროვის თქმით, ეს სირიისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია.

“რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ სირიის ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის რეგიონებზე, სადაც შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებადი ნავთობის საბადოები მდებარეობს”,-აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

”მხოლოდ ეს ხელს შეუწყობს ტერორიზმის დასრულებას და საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებას”, – დასძინა მინისტრმა.

ოქტომბერში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის მიერ ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” დაწყების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონიდან დაახლოებით 1 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა ბრძანა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დეირ ეზ-ზორის რეგიონში მცირე სამხედრო კონტინგენტს დატოვებს. მიზეზად ნავთობის საბადოებზე შესაძლო წვდომის მოპოვება დასახელდა.

თავის მხრივ, პენტაგონის უფროსმა მარკ ესპერმა დაადასტურა, რომ ამერიკის არმია დეირ ეზ-ზორში, ნავთობის საბადოების დასაცავად თავის პოზიციას აძლიერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად