სერგეი ლავროვი: “შტაინმაიერის ფორმულა” კომპრომისული გადაწყვეტილებაა

“შტაინმაიერის ფორმულა”- კომპრომისული გადაწყვეტილება და მინსკის ხელშეკრულებების თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, დათმობაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების საწყისი ვერსია, პირველ რიგში, დონბასისთვის სპეციალური სტატუსის შესახებ კანონის მიღებას და მის კონსტიტუციაში შეტანას ითვალისწინებდა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდებოდა არჩევნები.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, უკრაინის ყოფილმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ შემოთავაზებული პროცედურის განხილვის დროს ტერიტორიისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა.

“ასეთი კონტრპროდუქტიული და ანტი-სამართლებრივი მიდგომის შემდეგ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც მაშინდელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ნამდვილი კომპრომისული ფორმულა” შესთავაზა”,-აღნიშნა ლავროვმა.

”ეს არის კომპრომისი და დათმობა,” – განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ამის გამო მინსკის ხელშეკრულების ”გეგმა B” ვერ იქნება.

2 ოქტომბერს, უკრაინის საკითხზე შექმნილმა საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა “შტაინმაერის ფორმულის” შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

”შტაინმაიერის ფორმულის” შესახებ ინიციატივა 2016 წლის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და გერმანიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წამოაყენა. იგი დონბასისთვის სპეციალური სტატუსის უზრუნველყოფის მექანიზმს განსაზღვრავს, ასევე შესაძლო ამნისტიას და არჩევნების ჩატარებას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რომლებიც კიევის მიერ არ კონტროლდება.

ფორმულის თანახმად, არჩევნების დღეს, დროებით, ძალაში შევა კანონი მათი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. ხოლო ეუთო-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს, კანონი ძალაში  მუდმივად შევა.

დოკუმენტი არაერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა. მაგალითად, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  “შტაინმაიერის ფორმულაზე” ხელმოწერას რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერი ანდრეი პარუბი კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა უკრაინის დემონტაჟის დაწყებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად