სერგეი გავრილოვი საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რათა “მომლოცველთა შესახებ” ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამოსცადოს.

“ჩვენ ” მომლოცველთა შესახებ ” კანონი მივიღეთ და ამ კანონის ფარგლებში მისი შემოწმება მსურს, ამიტომ შესაძლოა ვიზიტით საქართველოში ჩავიდე, რათა ადგილობრივი სალოცავები მოვინახულო”, – განუცხადა გავრილოვმა სააგენტო “რია ნოვოსტის”.

„ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას არ ვგეგმავ. მჯერა, რომ ვითარება დარეგულირდება“, – აღნიშნა სერგეი გავრილოვმა.

რუსეთის დუმის დეპუტატის თბილისში დაგეგმილ ხელახალ ვიზიტზე წერს ასევე სააგენტო “ინტერფაქსი”. მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას გეგმავს. დუმის დეპუტატი ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს. მისივე თქმით, მზად არის, რომ თუნდაც ხვალვე ჩამოვიდეს თბილისში.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მმართვის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

როგორც ცნობილია, “როსტურიზმი” რუსეთის ტუროპერატორებს რეკომენდაციას აძლევს, საქართველოში  ვითარების დარეგულირებამდე, ტურების ჩატარება დროებით შეაჩერონ.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ასევე, რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება Роспотребнадзор-მა მიიღო.

მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუარესების გამო მიიღეს.

“გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის გამო მიიღეს, რადგან ამ პროდუქციის ხარისხის გაუარესება ფიქსირდება”, – იუწყება Роспотребнадзор-ი.

მათი ინფორმაციით, 2014 წლიდან 2018 წლამდე დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 2.9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს – 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად