ეს განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა
სერბეთში 47 კაცია გარდაცვლილი კორონავირუსით და ყველა პარამეტრის მიხედვით ჩანს, რომ დღეს ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მძიმე დღე გვექნება, – განაცხადა დღეს დილით, აღრიცხვიანობის 24-საათიანი ინტერვალის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
საავადმყოფოებში სიტუაცია მძიმეა. როცა თქვენ ხედავთ, რომ გამოკვლეული 10000 კაციდან 1000 საავადმყოფოშია გადასაყვანი, იქ კი ადგილები არაა, ნათელია რა სიტუაციაა, – თქვა ვუჩიჩმა.
„თუ ჩვენ დისციპლინირებულები და პასუხისმგებლიანები არ ვიქნებით, კატასტროფულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით” – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ვაქცინას, ყველა ცდილობს მას მიაგნოს, მაგრამ სერბეთში არ გვყვანან სპეციალისტები, რომლებსაც ეს ძალუძთ, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია ვაქცინის შექმნა. ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ერთ-ერთი პირველი იმ პატარა ქვეყნებს შორის, ვინც მათგან ვაქცინას მიიღებს.”
ვამბობთ, რომ კორონა არ არსებობს, მან კი 1300 კაცი მოკლა, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ალექსანდრ ვუჩიჩის მიერ გამართული პრესკონფერენციიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ განვლილ 24 საათში სერბეთში 51 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით და 21569 ტესტირებულიდან 7606 კაცს დაუდგინდა ინფიცირება. სულ სერბეთში (მოსახლეობა 8 723 041) 148 214 კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი (47-ე ადგილი მსოფლიოში). კორონავირუსით გარდაცვლილია 1366 კაცი (67-ე ადგილი მსოფლიოში).