სენატორი მოითხოვს, ტრამპმა ირანთან ომის შესაძლო დაწყება კონგრესთან თანხმობის გარეშე ვერ შეძლოს

დემოკრატმა სენატორმა ტიმ კეინმა სენატს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რათა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის შესაძლო დაწყება კონგრესის ნებართვის გარეშე ვერ შეძლოს,-ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

გამოცემა The Hill-ის თანახმად, თუ აღნიშნულ ინიციატივას ორივე პალატა მხარს დაუჭერს, ტრამპმა 30 დღის განმავლობაში ამერიკელი ჯარისკაცები უკან უნდა დააბრუნოს.

“რამდენიმე წელია უკიდურესად აღშფოთებული ვარ იმით, რომ პრეზიდენტს ირანთან ომის დაწყება შეუძლია. ახლა ჩვენ იმ წერტილამდე მივედით, რომ საკითხში კონგრესი უნდა ჩაერთოს, სანამ ტრამპი ჩვენი სამხედროებისთვის კიდევ უფრო დიდ უბედურებას მოიტანს”,-ციტირებს ამერიკული მედია ტიმ კეინის სიტყვებს.

”ვალდებული ვართ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გულისთვის, გავმართოთ დისკუსია და კენჭი ვუყაროთ საკითხს, თუ რამდენად შეესაბამება შუა აღმოსავლეთში მორიგი არასაჭირო ომი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”, – დასძინა სენატორმა.

იმ შემთხვევაში, თუ კეინის ინიციატივას ორივე პალატა დაამტკიცებს, შესაძლოა ის ხელმოწერისთვის დონალდ ტრამპს გადაუგზავნონ.

სენატორმა თავისი წინადადება მას შემდეგ გააჟღერა, რაც შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის აეროპორტის მახლობლად საჰაერო იერიში  მიიტანა და ირანის სპეცრაზმის მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა. თეირანი პირობას დებს, რომ გენერლის ლიკვიდაციას უპასუხოდ არ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად