სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარედგინება

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, „საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონიდან მოხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც პრეზიდენტს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილებას ანიჭებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტს პარლამენტისთვის მხოლოდ სემეკ-ის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება ექნება. რაც შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, მას სემეკ-ის წევრები აირჩევენ.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე საქართველოს კონსტიტუცია და ამჟამად მოქმედი შესაბამისი კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
„საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წარდგინებით, პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე სემეკ-ის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას წარუდგენს.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტისთვის მხოლოდ სემეკ-ის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს. შეგახსენებთ, რომ კანონისა და კონსტიტუციის შეუსაბამობის გამო, 1 ოქტომბერს პარლამენტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის არჩევას კენჭი ვერ უყარა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად