სერგი კაპანაძე: საუბარი იქნება რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ ორი დღის წინ იკადრა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი ინტერპელაცია ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ გეგმას შეეხება.

როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ მოსმენაზე ასევე იქნება საუბარი იმ ტყუილზე, რომელიც პრემიერ – მინისტრმა ორი დღის წინ გამართულ მოსმენაზე იკადრა.

„დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა მაგრამ, ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია და ეხება. ასევე, ჩვენს მიერ წარდგენილ გეგმაზე, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო გადასახადის უკან დაბრუნება მოსახლეობისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარებების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებიათ. ამაზე იქნება საუბარი და გარდა ამისა, რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა ორი დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე დასწრებას არ აპირებენ “დამოუკიდებელი დეპუტატები”.

ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ: 27 მაისს,  პრემიერ-მინისტრი პარლამენტში უკვე იყო მისული და დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში საკუთარ ინიციატივით წარუდგინა.

ცნობილია, რომ გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ივნისის დასაწყისშიც წარდგება და მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად